“სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რისთვისაც გრძელდება უფრო მეტად ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება”
“სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რისთვისაც გრძელდება უფრო მეტად ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება”, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
“აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მიმართულებით 2020 წლის ნოემბრიდან დაინერგა დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემა, რომელიც გახდა სრულად ავტომატური და გულისხმობს გადასახადის გადამხდელთა პირად საბანკო ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხის გადამხდელის მოთხოვნის გარეშე (ავტომატურად) ასახვას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციების შეფასების ინსტრუმენტის (TADAT – Performance Outcome Area 8 – Adequacy of the VAT refund system) მიხედვით, დღგ-ის დაბრუნების არსებული სისტემა შეესაბამება B ქულას.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ტრასტების ინსტრუმენტის დანერგვაზე და ფინანსური ზონის განვითარებისათვის, ფინანსური ბაზრების იმ სეგმენტების განსაზღვრაზე, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, ხელი შეუწყონ საქართველოში რეგიონული ჰაბის განვითარებას.
საამისოდ მთავრობის მიერ დაქირავებულ იქნა Rothschild & Co და Kaiser Partners-ი, რომლებთან ერთადაც ამჟამად მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები და მომზადებულია შუალედური გზამკვლევი (Interim Roadmap). ფინანსური ცენტრის განვითარების ფარგლებში, აგრეთვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გაწეული სამუშაოსა და ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის სხვა საჭირო საკითხებს განიხილავს. Rothschild & Co და Kaiser Parnter-თან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება სტრატეგიული გზამკლევი (Strategic Roadmap), რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური ცენტრის განვითარებისათვის შემდგომი იმპლემენტაციის ნაბიჯების განსაზღვრას.
გარდა ამისა, კაპიტალის ბაზრის სტიმულირების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო განვითარების პარტნიორებსა და რეგიონულ საინვესტიციო ფონდებთან, რათა ადგილობრივად მოხდეს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება − კერძო და ვენჩერული კაპიტალის ფონდების შემოყვანის გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „კატაპულტ ჯორჯიასთან“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზარზე ემისიების სტიმულირებისათვის ევროკავშირის დაფინანსების ფარგლებში, მიმდინარეობს პროგრამა, რომელიც ბიზნესებს გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას წილობრივი ან სასესხო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში”, – ნათქვამია მოხსენებაში.