ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

   კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართა.
თემურ დადიანმა 38.25 წამში 37 აზიდვა შეასრულა, რითაც სამჯერ გადააჭარბა დაწესებულ მინიმუმს. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, 23 წლის თემურ დადიანმა გინესის მოთხოვნების შესაბამისად, ფიზიკური ვარჯიშის – ე.წ. „ამპუტირებული აზიდვების“ შესრულებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რომლის დროსაც ის მხოლოდ ხელებს ეყრდნობოდა, სხეულის დანარჩენ ნაწილს კი ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ინარჩუნებდა. ეს მოძრაობა ტანვარჯიშის ერთ–ერთი ცნობილი ელემენტის, ე.წ. „ფლენჩის“ (Planche) სახესხვაობაა. მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ამ ელემენტის შესრულების რამდენიმე შემთხვევა, თუმცა, განსაკუთრებული სირთულის გამო, მსგავსი რეკორდი აქამდე არასდროს დამყარებულა.
თემურ დადიანის სარეკორდო ასპარეზობა გენარალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სპორტული ღონისძიებების დაგეგმვის და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს ცენტრში გაიმართა. გინესის მოთხოვნების შესაბამისად, თემურს ერთი წუთის განმავლობაში მინიმუმ 10 აზიდვა უნდა შეესრულებინა. ქართველი ჯარისკაცის მიერ შესრულებული რეკორდი ადგილზე დაადასტურა საქართველოს რეკორდების მსაჯთა ფედერაციამ. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თემურ დადიანის მეგობრები დაესწრნენ.
თემურ დადიანი 2011 წლის აპრილში, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთში გაემგზავრა. იმავე წლის 3 აგვისტოს, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა. ამჟამად მსახურობს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში. ასევე, აქტიურად აგრძელებს ვარჯიშს და სისტემატურად მონაწილეობს სპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები