„პუტინის თამაშები“, ანუ ზამთრის ოლიმპიადამ ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია
ამსტერდამის IDFA-ის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე რეჟისორ ალექსანდრე გენტელევის ფილმის – ,,პუტინის თამაშების“ ჩვენება გაიმართა. ფილმი ეძღვნება სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას. ეს არის ფარსი ზამთრის ოლიმპიადის მომლოდინე ქალაქში, სადაც თოვლი არ მოდის. ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ქალაქში არ მოდის წყალი, არ არის ელექტროენერგია და დიდი რაოდენობით სატვირთო ავტომანქანების კოლონებმა გაანადგურეს სოჭის ინფრასტრუქტურა, დააზიანეს გზები და ქალაქის საკომუნიკაციო საშუალებები. მთელი ქალაქი კი ნაგავსაყრელად აქციეს. ფილმში აგრეთვე მოთხრობილია, თუ როგორ დააზიანა საოლიმპიადო მზადებამ სოჭის ეკოლოგია, მშენებლობების გამო თითქმის მთლიანად განადგურდა მწვანე საფარი.
მოქალაქე, რომელსაც საცხოვრებელი სახლი დაუნგრიეს, ფილმში აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის სახელით, იგი „ბომჟად“ აქციეს. მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადგილი, რომელიც საჭირო გახდებოდა ოლიმპიური მშენებლობებისთვის, ნაციონალიზებული იქნებოდა.