სანდრო თვალჭრელიძე: მსოფლიოს გადარჩენაზეა ლაპარაკი და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს

“ერთნი გაიძახიან, გავათავისუფლოთ მიშა და გავუშვათ საზღვარგარეთო. მეორენი ამტკიცებენ, რომ მიშა დამნაშავეა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი და ა.შ. ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა…”, – ამის შესახებ ექსპერტი, სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

ექსპერტმა ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო განვითარებული მოვლენები შეაფასა.

“სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, ჩემი შეფასებით, უკრაინაში საომარი ვითარება წლის ბოლომდე მაინც გაგრძელდება. თავიდანვე კარგად ჩანდა, რომ რუსეთს ბლიცკრიგი არ გამოუვიდოდა. ომის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ რუსეთს მცირე წარმატებაც კი უდიდესი მსხვერპლის ფასად უჯდება. რაც უფრო გაგრძელდება ომი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინა კი, ვხედავთ, რომ სამხედრო თვალსაზრისით სულ უფრო ძლიერდება და უდიდეს ფინანსურ დახმარებასაც იღებს. ჩემი აზრით, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. აუცილებელია რუსეთის მმართველი რეჟიმის სრული დემონტაჟი. ევროპა და მსოფლიო აღარ აპირებენ მსგავსი რეჟიმის ატანას. მხოლოდ პუტინის შეცვლა, სისტემის დემონტაჟის გარეშე, აბსოლუტურად არასწორი იქნება, რადგან ცოტა ხანში იგივე განმეორდება დაახლოებით 10 წელიწადში რუსეთი ისევ გაძლიერდება და მსოფლიოც იმავე პრობლემების წინაშე დადგება. გორდიას კვანძი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას და დღეს უკრაინა, მთელი მსოფლიოს დახმარებით, ამას აკეთებს.

არა მგონია, რუსეთს მნიშვნელოვანი სამხედრო გეგმები ჰქონდეს, მით უფრო, რაც დავინახეთ, რომ ამ ქვეყანას სერიოზული სამხედრო სტრატეგია არ ჰქონია. აკეთებს რაღაც ტაქტიკურ სვლებს, რაც უკვე ხავსმოკიდებულია და, პრაქტიკულად, ისეთივე ტექნოლოგიებით იბრძვიან, როგორითაც მეორე მსოფლიო ომის დროს… სრულიად იცვლება მსოფლიოს წესრიგი, უსაფრთხოების სისტემები. მსოფლიო ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის ომის შემდეგ გაეროს მნიშვნელოვანი რეფორმირება მოხდება, გაძლიერდება მისი სამშვიდობო ძალები, შეიცვლება უსაფრთხოების საბჭოს პრინციპი და ა.შ. ამისთვის ახლავე უნდა ვემზადებოდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ თანამედროვე სამყაროში, მაგრამ ამის ნაცვლად რა ხდება საქართველოში? მთავარ თემად ისევ მიხეილ სააკაშვილი აქციეს. ერთნი გაიძახიან, გავათავისუფლოთ მიშა და გავუშვათ საზღვარგარეთო. მეორენი ამტკიცებენ, რომ მიშა დამნაშავეა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი და ა.შ. ლაპარაკია მსოფლიოს გადარჩენაზე და ჩვენ ისევ მიშას გამო ვუპირისპირდებით ერთმანეთს. ასე მოკლე ჭკუის თუ ვიყავით, ნამდვილად არ მეგონა…

უკვე აღვნიშნე ჩვენი პოლიტიკური ელიტის სრულიად არასწორი მიდგომები და განცხადებები, რაც შესამჩნევია როგორც შიდა, ასევე, გარე პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ამ ელიტის პოლიტიკური სიბრმავის მოწმე ვართ, მაგრამ ალტერნატივას ხედავთ? ჩვენ გვყავს ის მთავრობა, რაც დავიმსახურეთ. ხომ ნახეთ ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევის შედეგები? “ქართული ოცნების” რეიტინგი კია შემცირებული, მაგრამ ოპოზიციისა მთლად მიწასთან არის გასწორებული. ჩვენში ხალხს ყველაზე მეტად ერთმანეთის გინება მოსწონს, რის ცოცხალ მაგალითებსაც აჩვენებენ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. გვყავს ეს ორი გახლეჩილი ბანაკი და ვერავინ გამოჩნდა, ვინც მათ შორის არსებულ სიცარიელეს შეავსებს. ჩვენი პოლიტიკური ძალების პრობლემა რა არის, იცით? პიროვნებებს მუდმივად ლიდერობა სურთ, იმის ნაცვლად, რომ იდეა გახდეს ლიდერი და ახალ სახეებს გასაქანი მისცენ… უბედურება ისიც არის, რომ თუ ახალი ძალა არ გამოჩნდა, 2024 წელსაც იგივე შედეგი გვექნება, ოღონდ არჩევნებზე, ალბათ, ელექტორატის 5%-ზე მეტი არ მივა. რაც შეეხება სკანდალს შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, ჩემი აზრით, საქმე გვაქვს აღვირახსნილ ტყუილთან და აქ პოლიტიკის გარევა სრულიად უადგილო მგონია. კაცს მოჰპარეს ფული; ის ტიპი, ვინც მოჰპარა, ზის ციხეში და ახლა კორპორაციასაც არ სურს ფულის სრულად დაბრუნება – აი, ამას უკავშირდება სარჩელები. თან ეს დავა გუშინ არ დაწყებულა, კარგა ხნის დაწყებულია. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია ვიქტორ ყიფიანი. მას ვიცნობ, პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, სამართლებრივად ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. აი, ირაკლი კობახიძე რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, არ ვიცი. ეს მას უნდა ჰკითხოთ, ალბათ. სულ ცდილობს, რაღაც კონსპირაციული სიუჟეტები გამოაცხოს. ვურჩევ, დენ ბრაუნის “და ვინჩის კოდი” წაიკითხოს. ან შეიძლება წაიკითხა კიდეც და ამის მიხედვით თხზავს რაღაცებს. მისი განცხადებები, ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილია ისევე, როგორც ივანიშვილის სანქცირების თემა. მე როგორც ვითარებას ვაკვირდები და უცხოელების განცხადებებსაც ვიცნობ, სანქციებზე ლაპარაკიც არ არის.

ალბათ, შვეიცარიულ ბანკს ეს ძალიანაც გაუხარდებოდა, რადგან ფულს აღარ დააბრუნებდა (დიდი ალბათობით, თავიანთ განცხადებაში გეოპოლიტიკური ვითარებაც ამიტომ ახსენეს), მაგრამ ეს უფრო ამ ბანკის სურვილია, ვიდრე – რეალობა. რის გამოც სანქციები წესდება, ივანიშვილის შემთხვევაში იმის ნატამალი საფუძველიც კი არ არსებობს. თითიდან გამოწოვილი და სისულელე მგონია იმის მტკიცებაც, რომ ის რუსულ პოლიტიკას ატარებს. მას ეს არ სჭირდება. ამით საკუთარ თავს მიაყენებდა ზიანს, მაგრამ აქ ხომ პრორუსულობის დაბრალება პოლიტიკური ძალების საბრძოლო იარაღია! ასე აქვთ თავიანთი პოლიტდისკურსი აგებული. “ქართული ოცნებისთვის” მიშაა რუსეთის აგენტი, “ნაციონალური მოძრაობისთვის” კი – ბიძინა ივანიშვილი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი საკითხიც: უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თაობაზე ჩვენი პრემიერ-მინისტრის “ოსტატური” განცხადებების შემდეგ ახსნა-განმარტებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა თუ დიდი ბრიტანეთის ელჩს დასჭირდათ. წარმოგიდგენიათ?! ამ ხალხმა უკეთესად განმარტა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდა! ეს სანქციები საკუთარ თავზე ვიგემე, რადგან ჩვენ თურქეთში ვგზავნით სინჯებს ქიმიურ ანალიზზე დასამუშავებლად და აქამდე თუ ერთ დღეში ჩადიოდა, ახლა ლამის 10 დღე სჭირდება, რადგან საბაჟოზე ისეთი რიგებია, ისეა გამკაცრებული კონტროლი, თითო მანქანას, სულ ცოტა, საათ-ნახევარი ამოწმებენ, რათა რაიმე არადეკლარირებული ტვირთი არ გაეპაროთ. ანუ სანქციები მუშაობს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად სრულიად გაუგებარ განცხადებებს ვისმენდით. მართალია, არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი კარგი მესმის ჩვენს ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ვითარებას მეტ-ნაკლებად დაალაგებს. ჯერჯერობით მისი გამონათქვამები აბსოლუტურად აწონ-დაწონილია. ჩვენს პრემიერ-მინისტრს კი, თუ არ შეუძლია თვითონ “სპიჩის” მომზადება, იქირაოს ერთი ნორმალური “სპიჩვრაითერი”! რა არის ეს, ყველას თავი გენიოსი როგორ ჰგონია ამ ქვეყანაში?! გინახავთ, აშშ-ის პრეზიდენტს თვითონ დაეწეროს “სპიჩი”? ამაზე მთელი გუნდი მუშაობს. თუ რაღაცას არასწორად იტყვის, მერე ასევე მთელი გუნდი ფიქრობს ამის გამოსწორებაზე, ჩვენთან კი ოფისებში დასხეს ლამაზ-ლამაზი გოგონები, რომელთაც არავითარი განათლება არ აქვთ და პიარი დაარქვეს”,- აცხადებს თვალჭრელიძე.

ჟურნალისტის კითხვაზე: “ჩვენი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ამავდროულად, ოპოზიციას მუდმივად ქვეყნის ომში ჩათრევის ცდაში ადანაშაულებენ…”, – ექსპერტი პასუხობს:

“საქმე ის არის, რომ ოპოზიცია თავისი განცხადებებით ამ ვითარებას აქეზებს. ამას ემატებიან უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგალითად, პოდოლიაკი, არესტოვიჩი, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, რა კარგი იქნებოდა, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყოო. ეს ხომ ამორალური განცხადებებია! 1991 წელს, როცა აფხაზეთში ქართველებს თავებს ჭრიდნენ, ჩაება ამ ომში უკრაინა? ან 2008 წელს გახსნეს მეორე ფრონტი? კი ბატონო, გვეხმარებოდნენ და ამისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ჩვენც ვეხმარებით… მაგრამ ერთია, რომ მათი მოწოდებები არასწორია, მაგრამ მეორეა, რას პასუხობენ ამას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები… ნებისმიერი ვითარება ნორმალურად უნდა გამოიყენო და არა ისე, როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ირაკლი კობახიძე. ყველაფერზე შეიძლება ადეკვატურად და კრიტიკულად რეაგირება, ყველაფრის თქმა შეიძლება, ოღონდ – ზრდილობიანად და დედის გინების გარეშე. გინების გარეშე სიტყვას გაცილებით დიდი ძალა აქვს.

თავიდანვე ძალიან ცუდად იყო ყველაფერი ნათქვამი და ახსნილი. მაგალითად, როდესაც მოხალისეებს ჩარტერული რეისით გაფრენის საშუალება არ მისცეს, ამას სკანდალი მოჰყვა! არადა, იგივე გააკეთა დიდმა ბრიტანეთმაც, მაგრამ ბორის ჯონსონმა ორ წუთში, ძალიან მარტივად აუხსნა უკრაინელებს, რატომ არ დაუჭერდა ბრიტანეთი მხარს მოხალისეებს. მოკლედ, ისევ იქამდე მივდივართ, რომ ადამიანს თავისი კომპეტენციის შესაბამისი თანამდებობა უნდა ჰქონდეს, რაც ჩვენთან სერიოზული პრობლემაა… რაც შეეხება შვედეთის და ფინეთის ნატოში შესვლას, რუსეთი უარესს რომ მიიღებდა, თებერვალშივე ვთქვი. ეს მოსალოდნელი იყო. პუტინი შეიძლება კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ მისი სტრატეგია ნულის ტოლია, ამიტომაც ყოველთვის უკუეფექტს იღებს. ვფიქრობ, ამ ომის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ძვრები მოხდება, ფაქტობრივად, ისეთი, როგორიც მეორე მსოფლიო ომმა გამოიწვია. ეს შეუქცევადი ცვლილებები იქნება. თითქოს იუმორისტული იყო რუსეთის დაშლის რუკა, რომელიც ჩინელებმა გამოაქვეყნეს, მაგრამ ვფიქრობ, აქაც საკმარისად იყო სიმართლე, როგორც ყველა სხვა ხუმრობაში… რუსეთი დაშლისკენ მიდის, ყველა იმპერიის ბოლო ასეთია”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები