თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა.
უწყების ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.
“ბინების განაწილების ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო.
ილია ღუდუშაურის თქმით, გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა კვლავ სახელმწიფოს ურყევ პრიორიტეტად რჩება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.