ლევან გოფოძე: “რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება მე თვითონ დავწერე

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი, ლევან გოფოძე კლინიკის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ დაწერა.

“ვბრუნდები ჩემს ქირურგიაში, სხვანაირად რომ შევხედოთ ამ სიტუაციას. მე გახლავართ სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი, მყავს სტუდენტები, რომლებსაც ვასწავლი და ისევ გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას. კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ და რისთვის მოხდა ეს ცვლილება, ნამდვილად არ უთქვამთ, თუმცა, მე ისედაც ვფიქრობდი ამაზე, რადგანაც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. განცხადება გუშინ მე თვითონ დავწერე”, – აცხადებს გოფოძე “კურიერთან”.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც სამუშაო პროცესის ნაწილია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობას ლიკა ჭუმბურიძე დაიკავებს.

უწყების ინფორმაციით, ლევან გოფოძე რჩება რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდში და კლინიკაში აგრძელებს საქმიანობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები