ხათუნა ლაგაზიძე: აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს
“შეიძლება ითქვას, რომ აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს”, – ამის შესახებ ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ რუსეთის მარცხი ბოლომდე მიიყვანონ, აუცილებელია რუსეთის ეკონომიკის სრული ჩამოქცევა – ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილი კი არის ის, რომ რუსეთზე გამავალმა აზია-ევროპის დამაკავშირებელმა სავაჭრო გზებმა აქტუალურობა დაკარგოს.
“გარდამტეხი ცვლილება, რაზეც ომის ე.წ. მეორე ფაზის მიმდინარეობისას შეგვიძლია ვილაპარაკოთ, არის დასავლეთის მიერ რუსეთის როლის რეალურად შეფასება და საკუთარი უსაფრთხოების რაციონალური აღქმა, რამაც განაპირობა დასავლეთის დროული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. სულ ბოლო ნაბიჯით რომ დავიწყოთ, ეს არის გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის ბაზაზე 44 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეკრება. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებს შორის იყვნენ არა მხოლოდ ნატოს წევრი ან მოკავშირე ქვეყნები, არამედ იყო სამხრეთ კორეა, ისრაელი, ყატარი, კენია, ტუნისი და ა.შ. აქ იყვნენ ქვეყნები, რომლებთანაც აშშ-ს თავდაცვის საკითხებზე ორმხრივი ხელშეკრულებები აკავშირებს და რომელთა მიხედვით აშშ ვალდებულია, მათ სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს გარე აგრესიის შემთხვევაში.
შეიძლება ითქვას, რომ აშშ რუსეთის დასამარცხებლად ახალი მსოფლიო კოალიციის დაფუძნებას ცდილობს. ეს არის ამ კოალიციის შესაქმნელად გადადგმული პირველი ნაბიჯი და მოსალოდნელია, რომ ამ ერთიანობას კიდევ არაერთი ქვეყანა შეემატება. იქმნება სურათი, როდესაც ერთ მხარეს, პირობითად, არის 44 ქვეყანა, მეორე მხარეს – რუსეთი, რომელსაც მოკავშირედ ჰყავს ბელარუსი, მაგრამ ამას ხომ მოკავშირეობას ვერც დავარქმევთ! თუ ვლაპარაკობთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე, მაშინ ორივე მხარეს თანაბარი ძალის კოალიციები თუ არ იქნებიან, რუსეთის გარშემო რამდენიმე ქვეყანა მაინც უნდა იყოს, დღეს კი ჩვენ სრულიად სხვა ვითარებას ვხედავთ: რუსეთი მარტოა, მის მიერ, ფაქტობრივად, უომრად დაპყრობილ ბელარუსთან ერთად, მეორე მხარეს კი არის 44 ქვეყანა. მე ამას ასეთი ფორმულირება მოვუძებნე: ცივილიზებული სამყაროს გაერთიანებული სამხედრო ოპერაცია რუსეთის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციისთვის, ანუ რუსეთის განიარაღებისთვის. ეს განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმაც, რომელმაც ბრძანა, ჩვენი მიზანია, რუსეთი იმგვარად დასუსტდეს, რომ მან ვეღარასდროს შეძლოს საკუთარი მეზობლებისა თუ სხვათა წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედებაო. როდესაც ომის მეორე ფაზაზე ვლაპარაკობთ, ჩემი აზრით, ეს არის ამ ეტაპის საკვანძო ფრაზა, რომლის მიხედვითაც ჩნდება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები, ისეთის, როგორსაც ახალი რეალობა უკარნახებს მსოფლიოს. ამ ფაზას კარგად ახასიათებს ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებაც, უკრაინას აქვს ლეგიტიმური საფუძველი, შეუტიოს რუსეთში არსებულ სამხედრო სამიზნეებსო… მან არ გამორიცხა, რომ ამ მიზნისთვის უკრაინამ ბრიტანული შეიარაღებაც გამოიყენოს. მოგეხსენებათ, აშშ-მა მიიღო ლენდ-ლიზის აქტიც, რომლითაც უკრაინას შეუზღუდავად მიეწოდება ამერიკული შეიარაღება და სხვა საჭირო დახმარება, რაც, შესაძლოა, ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის მიზანია რუსეთის არა მხოლოდ უკრაინის საზღვრებიდან განდევნა, არამედ მისი ისეთ სახელმწიფოდ ქცევა, რომელიც მსოფლიო წესრიგს ვეღარასდროს შეუქმნის პრობლემებს.
ამ მეორე ფაზის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი არის ის, რომ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, უკრაინის რადა არ აპირებს, გადახედოს ნატოს თაობაზე საკონსტიტუციო ჩანაწერსო. მოგეხსენებათ, რუსეთი თავიდანვე ითხოვდა ნატოზე უარის თქმას და უკრაინაც თითქოს მზად იყო, ნეიტრალიტეტს დათანხმებოდა, ახლა კი ეს თემა, თუ არ მოიხსნა დღის წესრიგიდან, სულ ცოტა, აქტუალურობა მაინც დაკარგა. საინტერესო იყო სტოლტენბერგის განცხადებაც, ჩვენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ომის შემდეგ ვილაპარაკებთო, რაც არ გამორიცხავს ნატოში გაწევრებას ანუ სწორედ ომის მეორე ფაზაში ირკვევა, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრების პერსპექტივა დაკარგული არ არის, მით უფრო, რომ ომის შემდეგ უკრაინა ნატოს ბევრ წევრზე უკეთ შეიარაღებული და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე გამოცდილი სამხედრო ძალების მქონე ქვეყანა იქნება. აქვე გავიხსენოთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის ფრაზაც – ჩვენ მეტი უნდა გაგვეკეთებინა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და აღარასდროს გავიმეორებთ იმავე შეცდომასო. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი განწყობა საქართველოსთვისაც, რომელსაც, წესით, საქართველოს ხელისუფლებაც უნდა ჩაეჭიდოს და ჩვენთან დაკავშირებით დასავლეთს შეცდომის დაშვების საშუალება აღარ მისცეს. ჩვენი საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა უნდა აიგოს სწორედ ამ განწყობებზე და იმაზეც, რომ ნატო ეძებს ახალ გზებს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის. ლიზ ტრასმა ისიც ბრძანა, ახლა გამბედაობის და სიფრთხილის დროაო. ეს ფორმულაც ჩვენზეა მორგებული. სწორედ გამბედაობა და სიფრთხილე უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკის მახასიათებელი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც განაცხადი, უნდა შევძლოთ, რომ უკრაინასთან ერთად, ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არიან მოლდოვა და საქართველო, სუვერენიტეტი შეინარჩუნონო. ეს არის საპროგრამო განაცხადი, რომელიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და, ზოგადად, დასავლეთის განწყობას გამოხატავს.მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზის მიმდინარეობისას ცხადად გამოჩნდა დასავლური ერთიანობის მიზანი – რუსეთის დამარცხება, რაც, პირობითად, ორნაწილიანია. პირველი ნაწილი მოიცავს რუსეთის განდევნას უკრაინის ტერიტორიიდან, რაშიც უკრაინელებს დასავლეთი დაეხმარება, მეორე კი არის რუსეთის განიარაღება იმ დონემდე, რომ მას აღარ ჰქონდეს ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი. აქედან გამომდინარე, რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება პირველი ნაწილი და დაიწყება მეორე, მაგრამ მიზანი რომ ეს არის და პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების მოხსნა არ განიხილება, ეს დაუფარავად ითქვა.
უკრაინაში რუსეთის მარცხი იქნება პუტინის უდიდესი მარცხი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამიტომ მოსალოდნელია, ის რამდენიმე სცენარზე ფიქრობდეს. ერთ-ერთი, ვფიქრობ, არის ის პროცესები, რომელთაც ვხედავთ მოლდოვაში. მოგეხსენებათ, იქ, სეპარატისტულ დნესტრისპირეთში, ვითარება იძაბება. ბოლო ინფორმაციით, სულ უფრო მეტი დასავლური ქვეყანა მოუწოდებს თავის მოქალაქეებს დნესტრისპირეთისა და საერთოდ, მოლდოვის ტერიტორიის დატოვებისკენ. რომ არ ჰქონდეთ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია, ვფიქრობ, ამგვარ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ.
საინტერესოა, რომ მოლდოვა, უკრაინისა და საქართველოსგან განსხვავებით, ნეიტრალური სტატუსით სარგებლობს. სწორედ ამის გამოა ის უკრაინასა და საქართველოსთან შედარებით სამხედრო თვალსაზრისით სუსტიც. ანუ, დიდი ალბათობით, არც ეს სტატუსი და არც ის, რომ მოლდოვა სანქციებს არ შეუერთდა, რუსეთისთვის დაბრკოლება არ იქნება.
მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ პუტინს თავისი მოსახლეობისთვის რაღაც სამხედრო გამარჯვების შეჩეჩება სჭირდება. მას მოლდოვის მშვიდობიანად ჩაბარებაც კი არ აწყობს. თუ პუტინის რეჟიმი ამას მართლაც გადაწყვეტს, შეეცდება, პატარა ომში გამარჯვების ინსცენირება დადგას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოლდოვამ წინააღმდეგობა არ გაუწია. მოლდოვის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ არ არის ომისთვის მზად, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ არ აპირებენ დათმონ სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. აქ უმნიშვნელოვანესი იქნება რუმინეთის ფაქტორი. ამ ორი ქვეყნის მოსახლეობის ერთიანობაზე ბევრს არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, შევნიშნავ, რომ მოლდოვის მოქალაქეების დიდ ნაწილს აქვს რუმინეთის მოქალაქეობაც, შესაბამისად, რუმინეთს მათი დაცვის ვალდებულებაც კი დაეკისრება. მოგეხსენებათ, რუმინეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და თუ ის სამხედრო მოქმედებებში ჩაებმება, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს კონფლიქტში ნატოს სამხედრო ჩართვაც. არ დაგვავიწყდეს, რომ ნატოს სამხედრო ძალები და შეიარაღება მოლდოვის საზღვრიდან 20 კილომეტრშია თავმოყრილი. ვერ გამოვრიცხავთ, რომ მოლდოვაზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი ამის პროვოცირებასაც ცდილობდეს, რადგან თუ დამარცხდება, მას ურჩევნია, დამარცხდეს ნატოსთან და არა – უკრაინასთან.
აქვე გავიხსენებ, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, პუტინმა 9 მაისს გამოაცხადოს სრული მობილიზაცია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მოუწოდოს თავის მომხრეებს მთელ მსოფლიოში, ერთად დაამარცხონ “ნაციზმი” ნატოში და ასე სცადოს მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა კი თქვა, დაზვერვის ინფორმაციას არ ვეყრდნობი და ამას მხოლოდ პუტინის გამოსვლების შინაარსის მიხედვით ვასკვნიო, მაგრამ ვფიქრობ, ეს სცენარიც დასაფიქრებელია. დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას… თუ ნატოს ომში ჩართვამ მოუწია, რა ელის საქართველოს? ჩვენი მეზობელია თურქეთი, რომლის არმიაც რაოდენობით მეორეა ნატოში, შესაბამისად, ისმის ჰიპოთეზური კითხვა: მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში რუსი დაძრავს ტანკებს თბილისისკენ თუ ნატო დაასწრებს და თავის ფარს გადაგვაფარებს? ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ამგვარი ჰიპოთეზური სცენარები აქამდეც უნდა განეხილა და ახლა მით უფრო უნდა განიხილავდეს.
ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, პუტინმა ნათლად დაინახოს, რა პასუხს მიიღებს ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში. მან ცხადად უნდა შეიგრძნოს, რომ თუ ასე მოიქცევა, ბუნკერი ვეღარ გადაარჩენს. აშშ-ისგან უკვე მოვისმინეთ, ეს არის სასოწარკვეთილი ხელისუფლების უპასუხისმგებლო განცხადებები და ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართო, ასე რომ, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე ნაკლებად სავარაუდო ჩანს, თუმცა არა – გამოსარიცხი. აქვე ვიტყვი, როგორი საინტერესო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიძლება გამოიკვეთოს ამ ომის შემდგომ ევროპაში, სადაც მთავარ ღერძს შექმნიან აშშ, ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები. ამ ახალ რეალობაში, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს როლი აუცილებლად გაიზრდება. უპირველესად იმიტომ, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი გახდება ევროპა რუსული ენერგორესურსებისგან, მით უფრო მნიშვნელოვანი იქნება სხვა წყაროების მოძიების საკითხი და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობ და გაზსადენები, რაც ალტერნატიული წყაროების ერთ-ერთი ნაწილია, უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. საქართველოს ფუნქციას ასევე გაზრდის ტვირთების მოძრაობის ახალი მარშრუტები. იმისთვის, რომ საქართველო ამ პროცესში მასშტაბურად ჩაერთოს, აუცილებელია დიდი ინვესტიციების ჩადება ლოჯისტიკური სისტემებისა და ახალი საერთაშორისო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, ეს შეეხება როგორც სარკინიგზო, ისე საზღვაო თუ საავტომობილო მიმართულებებს. იმისთვის, რომ რუსეთის მარცხი ბოლომდე მიიყვანონ და მართლაც მოხდეს ამ ქვეყნის დემილიტარიზაცია, აუცილებელია რუსეთის ეკონომიკის სრული ჩამოქცევა. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ რუსეთზე გამავალმა აზია-ევროპის დამაკავშირებელმა სავაჭრო გზებმა აქტუალურობა დაკარგოს. რუსეთში გამავალ მარშრუტებზე დღეს უკვე ბევრი ქვეყანა ამბობს უარს, შესაბამისად, ალტერნატივის მოძიებაც დაწყებულია. ის დერეფანი, რომელიც საქართველოზეც გადის, არის ყველაზე მოკლე გზა ჩინეთსა და ევროპას შორის, თუმცა ლოჯისტიკური თვალსაზრისით რთულად ითვლება, ამიტომ საჭიროა საქართველომ სწრაფად დაიწყოს ზრუნვა თავის ინფრასტრუქტურულ-ლოჯისტიკურ რესურსებზე. გარდა ამისა, რუსეთში რყევებმა შესაძლოა წარმოშვას ახალი საფრთხეები, მაგალითად, რადიკალური ისლამის მომძლავრება, ამიტომაც ვლაპარაკობ საქართველოს როლის ზრდაზე, განსაკუთრებით – რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში, ევროპის უსაფრთხოების ერთიანი სარტყლის ფარგლებში. მოკლედ, მსოფლიო სრულიად ახალ რეალობაში გადადის, სადაც რუსეთის გამარჯვება გამორიცხულია! თუ საქართველოს სურს არსებობა, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მას სხვა არჩევანი არ აქვს: ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლური სივრცისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ნაწილი.
ომზე ლაპარაკი აბსურდია! საკუთარი ტერიტორიების ომით დაბრუნების მცდელობა დღეს საქართველოსთვის თვითგანადგურება იქნება. საქართველოს პოზიცია ომს უნდა გამორიცხავდეს და ასეც არის. რაც შეეხება მოწოდებებს, მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი სამარცხვინო კინკლაობა კი არ უნდა გაეჩაღებინა, არამედ ოფიციალურად უნდა მიემართათ უკრაინის ხელისუფლებისთვის და ეთხოვა, ზოგიერთ ოფიციალურ პირს შეეწყვიტა ამგვარი განცხადებების კეთება; აეხსნათ, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყანაში მშვიდობას, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია, დაგვაპირისპიროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რასაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთის სამხედრო აგრესია. რა ედგა წინ ამგვარ განცხადებას? საქმე ის არის, რომ მანამდე იმდენი არასწორი რამ თქვეს, ამგვარი მიმართვის უფლება აღარ დაიტოვეს. სამწუხაროდ, ასეთი ურთიერთობის საშუალებას აღარ ტოვებს ვითარება, როდესაც მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებასთან საინფორმაციო ომში ხარ ჩართული. გარდა ამისა, ეს შიდა მოხმარებისთვის ხელს აძლევს კიდეც “ქართულ ოცნებას”, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობის მტრედად წარუდგენს თავს. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი განცხადებებით უკრაინელებიც საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს “ქართული ოცნების” გარშემო ადუღაბებენ. ამ ქვეყანაში ომი არავის უნდა, შესაბამისად, ის რეიტინგი, რაც მმართველ პარტია აქვს მაშინ, როცა ოპოზიციას პულსი არ ესინჯება, გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ “ქართული ოცნება” მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტად წარმოაჩენს თავს და უკრაინელების ასეთ რიტორიკასაც ოსტატურად იყენებს საკუთარი მშვიდობისმყოფელი იმიჯის გასამყარებლად”, – განაცხადა ლაგაზიძემ.