“მოვუწოდებ თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს გამოიყოს ადგილი და გამოცხადდეს კონკურსი ზვიად გამსახურდიას ძეგლის დასადგმელად! ამაზე დიდ საქმეს “ქართული ოცნება” დღეს ვერ გააკეთებს!”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ერი რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ისტორიას და მისთვის თავდადებულ გმირებს, მას არც მომავალი აქვს.
“პეტრე ბაგრატიონზე დიდი გენერალი და სამხედრო სტრატეგი ქართველებს რუსეთის იმპერიაში და არც სხვაგან არა გვყოლია, თუ არ ჩავთვლით სპარსეთში გიორგი სააკაძეს. მის ბიოგრაფიაში ყურადსაღები სხვა რამეა. როდესაც ბოროდინოს ბრძოლაში დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში, გზად მან გაიგო მოსკოვის აღების ამბავი და როსტოპჩინს მისწერა: „მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მეგობარო! მე მოვკვდები არა ჭრილობით, არამედ მოსკოვით“.
პეტრე ბაგრატიონი, რომლის ძეგლი დგას თბილისში, ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების გამო გარდაიცვალა და სულაც არ აღელვებულა როდესაც რუსეთის იმპერიამ 1801 წელს ჯერ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა, ხოლო 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიაც.
პეტრე ბაგრატიონი, რომელიც წარმოშობით ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო, არის თავისებური მაგალითი სხვა ქვეყნის მსახურებისა, როდესაც მთელი მისი კარიერა რუსული იმპერიის გაძლიერებას და სხვათა მიწების მიტაცებით, მათ შორის მისი მშობლიური მიწების ანექსიით მიიღწეოდა.
სხვა ქვეყნის მსახურების და საკუთარი ქვეყნის უარყოფის კიდევ ერთი მაგალითი უკვე ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც თავადვე აღიარა, რომ მისი კარიერული მწვერვალი სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო და არა საქართველოს პრეზიდენტობა. შევარდნაძე ამ აღიარებით საქართველოს სსრკ -ის ცეკას მდივნად დარჩა და მისთვის უცხო აღმოჩნდა ის ტვირთი რასაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტობა ჰქვია.
ედუარდ შევარდნაძის ფსიქოპორტრეტის გაგრძელებას უკვე მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს. ეს არის უნიკალური შემთხვევა როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა უარყო საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა და სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ჯერ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, შემდეგ კი ოდესის გუბერნატრორი გახდა, ხოლო დღემდე რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარეა. სიმბოლურიცაა და ჭეშმარიტებას ბრძანებდა დიდი აკაკი წერეთელი, როდესაც ამბობდა -“სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი”. ამ შემთხვევაში მონობაში სიმბოლურად სხვა ქვეყნის მსახურებაში ყოფნა იგულისხმება, რომელიც პიროვნებისათვის უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი ქვეყნის მსახურება და თუ გნებავთ მისთვის სიკვდილიც!
მთელი ეს შესავალი კი იმისთვის დამჭირდა, რომ როდესაც სახეზე გაქვს პრეზიდენტ გამსახურდიას მაგალითი, რომელიც არის სრული ანტიპოდი სხვა ქვეყნებში კარიერის მაძიებელ ისტორიულ პირებთან, და მისი ძეგლი საქართველოში არა დგას, უკვე არის ამ ქვეყნის სირცხვილი!
რომელ ეროვნულ იდენტობაზე ან თავმოყვარეობაზე შეიძლება მსჯელობა, როდესაც თბილისში დგას პეტრე ბაგრატიონის ძეგლი და არა დგას ზვიად გამსახურდიას ძეგლი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირა და ამ ქვეყნის ბოლო ჯარისკაცად გმირულად დაეცა! თუ კარიერაზეა საუბარი, ზვიად გამსახურდიას თავისი თაობიდან ყველაზე მეტად შეეძლო სულ მინიმუმ საქართველოს ცეკას მდივანი გამხდარიყო!
ერი რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ისტორიას, და მისთვის თავდადებულ გმირებს, მას არც მომავალი აქვს!
მოვუწოდებ თბილისის მერიას და თბილისის საკრებულოს გამოიყოს ადგილი და გამოცხადდეს კონკურსი ზვიად გამსახურდიას ძეგლის დასადგმელად! ამაზე დიდ საქმეს “ქართული ოცნება” დღეს ვერ გააკეთებს!”,- წერს ცუცქირიძე.
კომენტარები
კომენტარი