ირაკლი ღარიბაშვილი – ალი უზდენოვზე: აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს, მინდა, კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს – რაიმე შედეგი დადგა? ნული; მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ, მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ უზდენოვს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე მას ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა მიმართა, რომელიც ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.
„რაც შეეხება შეხვედრას, საერთოდ რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი, რა მოხდა, რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, რამე ისეთი მოხდა? რაზე ველაპარაკებით ჩვენს ხალხს? ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, კარგად მოგეხსენებათ, გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან.
როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის” გამომძიებლებს, რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა? ნული.
ხაზგასმით ვამბობ, არავითარი გაგრძელება, არავითარი შედეგი თქვენს მიერ ხსენებული ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არ მოჰყოლია. შესაბამისად, მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.