ნიკოლოზ ხომასურიძე – ლეგენდებში დაკარგული

      ყველაფერი ფრენსის ფორდ კოპოლას „ბრალია“. ჰარლემი, 20-იანი წლები. მშრალი კანონის დრო, ჯაზის ეპოქა და მეფობის ხანა „კოტონ კლუბიდან“ გახდა ის „შოკი“, რამაც ნიკოლოზ ხომასურიძე კინოკამერასთან მიიყვანა. სასამართლოდან – გადასაღებ მოედანზე პროფესიით იურისტი ბევრი სწავლის და პრაქტიკის შემდეგ მოხვდა. რეჟისორის სკამი დაიკავა და საქართველოს ისტორიის გაცოცხლება დაიწყო. ისტორიული ჟანრის ფილმებსა და სხვა პროექტებზე, საკუთარ გზაზე კინოინდუსტრიაში რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ნიკოლოზ ხომასურიძე „კვირას“ უყვება.

– როგორ გახდი იურისტი – რეჟისორი?
– ვნახე კოპოლას ფილმი „კოტონ კლუბი“. იმდენად მომეწონა, რომ მომინდა, ეს საქმე მეკეთებინა. ამ დროს ვსწავლობდი იურიდიულ ფაკულტეტზე. თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, ვისწავლე ჯერ საქართველოში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში მასობრივ სანახაობათა ფაკულტეტზე და 2007 წელს წავედი ლოს- ანჯელესში, კინოსკოლაში სასწავლებლად. იქ დავამთავრე კინოფაკულტეტი რეჟისურის და პროდიუსინგის მიმართულებით. ამ დროს გადავიღე ჩემი პირველი კინოსურათი „დიდგორის ბრძოლა“, რომელიც ჩემი სადიპლომო ნამუშევარი იყო.
– აქედან დაიწყო შენი სიყვარული ისტორიული ფილმების მიმართ?10469615_877909108904050_1846232309_n
– ისტორიული ფილმები სულ მიყვარდა. ვკითხულობდი ისტორიულ და სათავგადასავლო ლიტერატურას და ამან, ბუნებრივია, გავლენა მოახდინა ჩემზე. ეს თემა ძალიან საინტერესოა და ამ მიმართულებით მინდა,  განვავითარო ჩემი შემოქმედება. პირველ რიგში, მიზიდავს საქართველოს ისტორია, ლეგენდები და მითები. ასევე ძალიან მიყვარს რომის ისტორიაც, სპარტაკი, ჰანიბალი და კიდევ ძალიან მიყვარს სამი მუშკეტერი. არის ბევრი ისეთი ისტორიაც, რომელსაც სიამოვნებით გავაკეთებდი.
– რა გიზიდავს ისტორიულ სიუჟეტებში?
– ჩემი ქვეყნის სიყვარული. მინდა, რომ საქართველო იყოს წარმოჩენილი საუკეთესო კუთხით, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვა ქვეყნის მოსახლეობის თვალში. ბევრი რამ არის დაკარგული, რაც, ვფიქრობ, უნდა აღდგეს. ეს პროექტები არის მაღალბიუჯეტიანი, მაგრამ ადრე თუ გვიან გამოვა.
– რა გავლენას ახდენს შენზე კრიტიკა?
-ჩვენთან კრიტიკული მოსაზრებები ხშირად არაკომპეტენტური ხალხისგან მესმის და ეს არასწორია. სიამოვნებით მივიღებ რჩევას და შენიშვნებს პროფესიონალისგან. როცა რაღაცის კეთებას იწყებ და წახალისება და სტიმული გჭირდება – გამხნევებისთვის, ამის მიუხედავად, მხოლოდ უარყოფითი შინაარსის შეფასებები გესმის. ამიტომ, ჩასაფრებული კრიტიკა ჩემზე ცუდ გავლენას არ ახდენს.
– რა გიქმნის სირთულეს?
– სირთულე არის ის, რომ არ არის სპონსორი. ქართული კაპიტალი არ იდება კინოინდუსტრიაში, რაც ძალიან მომგებიანია ისევ ქვეყნისთვის. ამას ჩვენთან არ უყურებენ, როგორც ბიზნესს. არადა, ეს მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მომგებიანი ბიზნესია. სახელმწიფო პოლიტიკა რომ იყოს შემუშავებული ამ მიმართულებით, ძალიან კარგი იქნებოდა. საქართველოს შეუძლია, კულტურული ექსპორტი გააკეთოს და მთავარი აქცენტიც ეს უნდა იყოს. ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ნელ-ნელა ამ დონეზეც შეიძლება მივიდეთ.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ლოს – ანჯელესმა მოგცა. რას ვერ ისწავლიდი აქ?10589956_877909095570718_1702754954_n
– როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება აქაური და იქაური სწავლება ერთმანეთისგან. სასწავლო პროცესი უზომოდ სასიამოვნოა. იქ ყველანაირი კომფორტია შექმნილი, რომ ისწავლო. ტექნიკა, ლექტორები, მიდგომა და სწავლება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. აქ, სამწუხაროდ, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ აუდიტორიებში ძველი მეთოდებით ასწავლიან და არანაირი ტექნიკა არ არსებობს.. ჩვენ გვჭირდება თანამედროვე დონეზე მომზადებული სპეციალისტები. ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება კინო. ეს გუნდური პროცესია. ამის გარეშე კარგი პროდუქტის შექმნა შეუძლებელია.
– მაგრამ მაინც საქართველოში დაბრუნდი. იყო ეს პატრიოტული მომენტი?
– მე იმიტომ წავედი, რომ იქ სწავლა და გამოცდილება დამეგროვებინა და აქ გამომეყენებინა. აქ მიმეღო მონაწილება ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაში. შემეძლო დავრჩენილიყავი და იქაური კინოინდუსტრიის რიგითი თანამშრომელი, დიდი ორგანიზმის ერთი ჭანჭიკი გავმხდარიყავი, მაგრამ ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა. მინდა ეს გახდეს მაგალითი სხვებისთვისაც, რომ განათლება მიიღო და შენს სფეროში, შენს ქვეყანაში გამოიყენო.
– შენს „კინოდღიურში“ რამდენი ფილმია?
-მაქვს ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი. უწყვეტი კინოკადრი. ახლა ექვთიმე თაყაიშვილს ვამზადებ და ვმუშაობ „ვეფხისტყაოსანზე“.
გარდა სტანდარტული ფილმებისა, ხარ ნოვაციური კინოსურათების ავტორი…
– მიყვარს ექსპერიმენტები. საინტერესოა. გზრდის, როგორც პროფესიონალს და გასწავლის იმ მომენტებს, რომელიც შეიძლება მომავალში დაგჭირდეს როგორც პროფესიონალურად, ისე ფსიქოლოგიურად. რომ მზად იყო, განახორციელო უფრო მასშტაბური პროექტები, რომ დაძლიო რაღაც სიდიდის პროექტი. მაგალითად, ამ ექსპერიმენტების შემდეგ წამოვიწყეთ ახალი პროექტები, რომელზეც დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობთ..
– ერთ-ერთია „ვეფხისტყაოსანი“..
– „ვეფხისტყაოსანი“ ჩემთვის ძალიან დიდი თემაა. ცხოვრების იდეოლოგიაა. უდიდესი ადამიანის მიერ შექმნილი ნაწარმოებია. სამწუხაროა, რომ დღემდე კარგად არ ვიცნობთ ამ ადამიანს… ბევრი ლეგენდა და საიდუმლოა მასში. მის კოდებზეა აგებული ჩემი სხვა ნამუშევრებიც. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამ ფილმს 10 წელიწადში გადავიღებდი, მაგრამ ჩემი პარტნიორების, თემო ციხისელის და კახა ბუაძის ხელშეწყობით წამოვიწყეთ ეს პროექტი. ვფიქრობთ, აქცენტი უფრო ქორეოგრაფიულ მომენტზე გავაკეთოთ. სცენარზე ლევან რამიშვილი მუშაობს. შევთავაზე, გაგვეკეთებინა ფილმი-მიუზიკლი.
ახლა მიმდინარეობს საცდელი გადაღებები, რომელიც საინვესტიციო პაკეტისთვის იკვრება, რომ იმ დონეზე გავაკეთოთ, როგორც ჩაფიქრებული გვაქვს. ეს პოპულარაციზაციას გაუწევს ქართულ ცეკვასაც, მუსიკასაც, ქვეყანასაც..
– ალბათ მთავარი მაინც კინოა…
– ყველაზე მთავარი ჩემთვის გუნდთან მუშაობაა. ფილმის დაწყებამდე და გადაღებების დასრულების შემდეგ მადლობას ვუხდი ყველას. ეს ჩემთვის მთავარია.

ნანუკა ალავიძე

10589102_877909088904052_661755860_n

10592192_877909105570717_1058364802_n

10592522_877909085570719_1043699425_n

 

10589927_877909112237383_477721504_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები