“ერთი დღის შემდეგ შეიძლება, გვიანი იყოს!” – ხერსონში “რეფერენდუმის” დღეს მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება

რუსების მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში 27 აპრილს, ე.წ. რეფერენდუმის დღეს ადგილობრივები საპროტესტო აქციას გამართავენ.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“შეხვედრა თავისუფლების მოედანზე 27 აპრილს, 10:00 საათზე. ერთი დღის შემდეგ შეიძლება, გვიანი იყოს! ოკუპანტებს ჩვენს მიწას არ მივცემთ!“, – ნათქვამია განცხადებაში.

მოსახლეობას მოუწოდებენ, ქუჩებში უკრაინის დროშებით გამოვიდნენ, გარდა ამისა, ხერსონის გარშემო ყვითელი და ლურჯი ლენტები ჩამოკიდონ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში ე.წ. რესპუბლიკის გამოსაცხადებლად “რეფერენდუმის” ჩატარება დააჩქარეს და მას ხვალ, 27 აპრილს გამართავენ.

როგორც “სამხრეთის” ოპერატიული სარდლობაში აცხადებენ, “რეფერენდუმის” მიზანია საოკუპაციო ადმინისტრაციის ლეგიტიმაცია.

„საოკუპაციო ხელისუფლების ლეგიტიმაციის დაჩქარების მიზნით, როგორც ყოველთვის, ისინი უგულებელყოფენ ყველა კანონს და რეგულაციას. ის ფაქტი, რომ “რეფერენდუმი” სამუშაო დღეს, კვირის შუა რიცხვებშია დაგეგმილი, დამატებით უსვამს ხაზს, რომ ოკუპანტს ადგილობრივი მოსახლეობის ნების გამოვლინება არ აინტერესებს, მომზადებულ სცენარში კი “რეფერენდუმის” შედეგი უკვე ცნობილია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები