ირაკლი ალასანია: ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, რომ გაეროს მხრიდან ასეთი შეფასებები გაკეთდა
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას შეფასებით, ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, რომ ასეთი შეფასებები გაკეთდა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მხრიდან. ალასანიას განცხადებით, მთავრობამ უნდა გაიაზროს, რა ნაბიჯები იქნება გადასადგმელი იმისთვის, რომ სამარცხვინო ლაქა, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიცილოთ, რათა ქვკეყანაში ასეთი რამ აღარასდროს განმეორდეს.
“მე როგორც ყოფილ ელჩს გაეროში, მქონდა მჭიდრო ურთიერთობა ქვეყდანაყოფებთან, ნამდვილად სამწუხაროა და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, რომ ასეთი შეფასებები გაკეთდა კომიტეტის მხრიდან, მინდა გითხრათ, რომ როცა ციხეში არსებული მდგომარეობის შესახებ კადრები და ინფორმაცია გავრცელდა, მაშინ ვთქვი, რომ ეს შეიცავდა ნიშნებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის. წამების ფაქტები, რომელიც გამოაშკარავდა, აშკარად შეიცავდა ამ ნიშნებს, ასეთი შეფასება მისცა დღეს ამ ორგანიზაციამ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, საუბარია ომის შემდგომ პერიოდზე, მათ შორის, ციხის კადრებზე და იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდნენ განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურ და სხვა მოწინააღმდეგეებს, როგორგ ხდებოდა დაკავებულების უფლებების დარღვევა.
“ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის გამოსასწორებელი და ეს არის ჩვენი საზოგადოების გამოსასწორებელი”, – დასძინა ირაკლი ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას. ანგარიშში ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე:
“ა) თბილისის N 5 ციხის ბუნტის დროს, სამართალდამცავების და/ან ციხის ოფიცრების მიერ 2006 წლის მარტში, გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე; ბ) პატიმრებთან არასათანადო მოპყრობაზე თბილისის გლდანის ციხეში, ქსნის მეთხუთმეტე საპყრობილეში, ქუთაისის მეორე, რუსთავის მეექვსე და ზუგდიდის მეოთხე ციხეებში; გ) 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაზე; ასევე, ინციდენტებზე მერეთში (2012 წლის 26 ივნისი), კარალეთში (2012 წლის 12 ივლისი), როდესაც ჟურნალისტები ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
კომიტეტი ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ წამებისა და არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ბრალდებებს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების) მიხედვით და არა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის პირველი პარაგრაფის (წამების), ამავე მუხლის მესამე პარაგრაფის (არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის) მიხედვით.
“მმართველია პარტია ვალდებულია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო კანონდარღვევების, მათ შორის, პოლიციისა და სხვა სამართალდამცავების მიერ წამების, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოსაძიებლად, ბოლომდე მიიყვანოს ეს გამოძიებები ნებისმიერი გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, გაასამართლოს დამნაშავეები და დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში, მათი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი სანქციები დაუწესოს მათ და მსხვერპლები ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოს“, – აღნიშნულია ანგარიშში.