ქართული ვიდეოარტი – წიგნის პრეზენტაცია
2 აგვისტოს, 18:00 საათზე თბილისის მედიათეკაში ქართული ვიდეოარტის შესახებ მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება. პუბლიკაცია მომზადდა პროექტის – “ქართული ვიდეოხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების კვლევის” ფარგლებში. პუბლიკაციის გამოცემამდე, შეიქმნა ქართული ვიდეოხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების ელექტრონული არქივი – www.videoimage.ge. 2014 წლის პირველ მარტს, ასევე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის, ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლის შენობაში გაიმართა ქართული ვიდეოხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა – “აღწერები.”
პუბლიკაცია წარმოადგენს პროექტის დამასრულებელ მესამე ეტაპს, რომელიც ასახავს ქართული ვიდეოხელოვნების ტექსტური გააზრების მცდელობას. პუბლიკაცია აერთიანებს ოთხი მოწვეული ავტორის: ხათუნა ხაბულიანის, ედიშერ ბერაძის, დავით ჩიხლაძის და ირინე ჯორჯაძის ტექსტებს, რომელთა პროფესიული პრაქტიკა უკავშირდება თანამედროვე ქართული ხელოვნების კრიტიკასა და თეორიულ გააზრებას. გამოცემაში ასევე შესულია პროექტის თანაავტორების, თამარ მუსხელიშვილისა და გიორგი სპანდერაშვილის ტექსტი ქართული ვიდეოხელოვნების შესახებ. ასევე წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში გამართული გამოფენის მიმოხილვა და ფოტოდოკუმენტაცია.
პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იქნება ქართველი არტისტების ვიდეონამუშევრები.
პუბლიკაცია გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და გოეთეს ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.