ქობულეთში ფესტივალი „ცხელი ზაფხული“ იხსნება

1-დან 7 აგვისტომდე ქობულეთში საერთაშორისო ფესტივალი „ცხელი ზაფხული”გაიმართება. ღონისძიება ამიერკავკასიის „ყრუთა კავშირების” ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება. „ცხელი ზაფხული – 2014″ მსოფლიოს 23 ქვეყნიდან, ასევე, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან, 700-მდე სმენადაქვეითებულ მონაწილეს უმასპინძლებს. ყრუთა და სმენადაქვეითებულთა საერთაშორისო ფესტივალ „ცხელი ზაფხულის” მიზანია: საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავება; ფართო საზოგადოებისთვის ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანების კულტურის გაცნობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, ჟესტური ენის შესაძლებლობების პრეზენტაცია და მონაწილე ქვეყნების კულტურების ინტეგრაცია. ფესტივალ „ცხელი ზაფხული – 2014″-ის პერიოდში გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, სილამაზის კონკურსები, ხოლო ფესტივალის დასკვნით საღამოს – 7 აგვისტოს, 18:00-საათზე, ქობულეთის ცენტრალური პარკის ამფითეატრში მოეწყობა გალაკონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები