ლატარიას ადვოკატის განცხადებით, ფეხსაცმელი, რომელზეც შატალოვას სისხლი აღმოჩნდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ეკუთვნის
ფეხსაცმელი, რომელზეც შატალოვას სისხლი აღმოჩნდა, ბექა ლატარიას საერთოდ არ ეკუთვნის, – ამის შესახებ ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული ბექა ლატარიას ადვოკატმა, გიორგი ლაღიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული ფეხსაცმელი ლატარიას სახლის ჩხრეკისას ამოიღეს, თუმცა, ლაღიძის თქმით, თუ რა ვითარებაში მოხდა მისი ამოღება, ეს კითხვებს ბადებს.
„ბექა ლატარიას ბინა არ უქირავებია, მას ბინასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. ასევე, არ არსებობს არანაირი ვიდეომტკიცებულება, რომელშიც ლატარიას რაიმე ფორმით იდენტიფიცირება მოხდება აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სისხლის კვალს, ბექა ლატარიას ტანსაცმელზე, რომელიც მას ეცვა, არანაირი სისხლის კვალი არ არის ამოსული. ბექა ლატარიას სახლი გაჩხრიკეს, იქიდან გარკვეული ნივთები ამოიღეს და ფეხსაცმელზე იქნა სისხლის კვალი აღმოჩენილი. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ფეხსაცმელი ბექა ლატარიას არ ეკუთვნის, ფეხსაცმელი არის 45 ზომა და ბექა ლატარია გაცილებით პატარა ზომის ფეხსაცმელს იცვამს, ის საერთოდ არ ეკუთვნის ბექა ლატარიას.
სახლის ჩხრეკა ჩატარდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისა და მისი მეუღლის თქმით, 40 პოლიციელის მეშვეობით, მათ უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ბექა ლატარიას, მის მეუღლეს და ამ პირობებში, ვინ რა გააკეთა, ამას ბუნებრივია, დასკვნით სიტყვაში ავსახავთ”, – განაცხადა ლაღიძემ.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.