ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორი: წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს მათ ბრალეულობას
ბრალდებულებმა განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები, – ამის შესახებ ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ მათ წინასწარ გაანადგურეს ის საშუალებები, რაც გამოძიებას დაეხმარებოდა.
პროკურორის თქმით, სამივე დაკავებული მკვლელობამდე უთვალთვალებდა ანასტასია შატალოვას.
“აღნიშნული საქმე არის კომპლექსური, გარდა იმისა, რომ განიხილება ანასტასია შატალოვას განზრახ ჯგუფურად მკვლელობა, ასევე განიხილება რამდენიმე დანაშაული, მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმა, რაც გამოიხატა ხელყუმბარის სროლით. შესაბამისად, ბრალდების მხარე დავკითხავთ მოწმეებს, რომლებიც საერთო ჯამში დაადასტურებენ ბექა ლატარიას მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე ბიძინა ხასიას და ლევან რაჯავის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.
საქმეში წარმოდგენილია კონკრეტული მტკიცებულებები. მათ შორის, ვიდეომასალა, რომელიც კომპლექსურ სიტუაციას ასახავს, თუ როგორ ვითარდებოდა მანამდე სიტუაცია, ასევე, არის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ იქ, სადაც ცხოვრობდა ანასტასია შატალოვა, ბრალდებულებმა წინასწარ, იქირავეს ბინა, რათა მის მიმართ განეხორციელებინათ თვალთვალი, ასევე, წარმოდგენილია კონკრეტული ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს მანქანებით თვალთვალს ანასტასია შატალოვას გადაადგილების. ასევე, წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ბილოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სატელეფონო კომუნიკაციის მომსახურე ანძები, რომელიც ადასტურებს კავშირებს, ადგილმდებარეობას.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა წინასწარ იქირავეს ბინა, ანასტასია შატალოვას უთვალთვალებდნენ, ამავდროულად, მათ ის საშუალებები, რომელიც ხელს შეუშლიდა, ან ამოცნობაში დაეხმარებოდა გამოძიებას, წინასწარ მოახდინეს მათი განადგურება. ბექა ლატარია გახლდათ ის, ვინც გარე განათების საშუალება გაანადგურა, განზრახ მკვლელობისთვის შექმნეს პირობები”, – განაცხადა ვეფხვაძემ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში შატალოვას მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე, გასული წლის 18 ოქტომბერს მოკლეს. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.