პოლიციამ, 2 აპრილს თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, კიდევ 1 პირი დააკავა – სულ დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში მომხდარი 2 პირის მკვლელობისა და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ 1 პირი – 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ განთავსებულ ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისში მომხდარ მკვლელობის და დაჭრის ფაქტს თანმხლებ პირებთან ერთად შეესწრო, თუმცა სამართალდამცველებს აღნიშნული დანაშაულების შესახებ არ შეატყობინა, არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 9 პირი დააკავა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.