მიხეილ ყაველაშვილი: არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”
„პოზიცია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გააჟღერა და ის მთავარი ხაზი, რომელიც ჯერ კიდევ გაუგებარია რადიკალური ოპოზიციისთვის, დიახ, ჩვენ ერთიანი ვართ იმაში, რომ პირველია ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესი. თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. არჩევნებმა აჩვენა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას” მხარი დაუჭირა არა მარტო გულმხურვალე მხარდამჭერებმა არამედ იმ ადამიანებმაც, რომლებიც განაწყენებულები იყვნენ მასზე. „ამაში ერთიანები ვართ ყველა. ამიტომ დაიწყეთ, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ პატივისცემით. აქ გვესაუბრებით სხვა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ვერც გრძნობთ ამას”, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის შემდეგ მილიარდერები გახდნენ. „დაგავიწყდათ, როგორ მოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომ იძახდა 100 ლარით მოვედი და ეკონომიკური კლასით უნდა ვიფრინოო. ბოლოს კი 60 მანქანა დაყვებოდა და ყველა ქუჩას კეტავდნენ, ისეთი ფული იშოვეს. ომის შემდეგ მილიარდერები გახდნენ,” – მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას სახელისუფლებო გუნდის დეპუტატმა.
მისი თქმით, საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას” და ამით „ნაციონალურ მოძრაობას შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს. „მხოლოდ რევოლუცია და ნახეთ, აბა? ვერცერთხელ ვერ შეაგროვეთ ხალხი, ნახეთ რა დღეში ხართ. რის რევოლუცია და რის გადატრიალების გამკეთებლები ხართ? არაფრის მაქნისები ხართ” ,- მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიხეილ ყაველაშვილმა.