სიღნაღის მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია გამოიფინება

15 აპრილიდან 14 ოქტომბრამდე, სიღნაღის მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის მირზაანის სახელმწიფო მუზეუმის კოლექცია გამოიფინება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება კოლექციაში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 14 სურათი და პაბლო პიკასოს ცნობილი ოფორტი, ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტის გამოსახულებით.
„მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცულ ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების კოლექციას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის მხატვრულ მემკვიდრეობაში. ადრე დაობლებულმა მხატვარმა დაახლოებით 8-10 წლისამ დატოვა მშობლიური მირზაანი და მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, თბილისში ცხოვრობდა.
მირზაანში კი მისი და დაფუძნდა ოჯახთან ერთად. გადმოცემით, 1898 წელს ნიკო ფიროსმანაშვილს მამისეულ კარ-მიდამოს ადგილზე დისთვის  ახალი სახლი აუშენებია. სწორედ იქაა განთავსებული ჯერ კიდევ 1960 წელს შექმნილი მხატვრის სახლ-მუზეუმი.
ამ მემორიალურ მუზეუმს პირველი ექსპონატები საქართველოს მწერალთა კავშირმა და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გადასცა, რითაც ჩაეყარა საფუძველი ცნობილ მირზაანულ კოლექციას. დღეს აქ ნიკო ფიროსმანაშვილის 14 სურათია დაცული.
ცალკე უნდა აღინიშნოს პაბლო პიკასოს მიერ ილიაზდის (ილია ზდანევიჩის) წიგნისთვის – „ნიკო ფიროსმანაშვილი-1914“ საგანგებოდ 1972 წელს შექმნილი ნიკო ფიროსმანაშვილის გრაფიკული პორტრეტი, რომლის ორიგინალი მირზაანის მემორიალურ მუზეუმს 1985 წელს საჩუქრად გადასცა ილია ზდანევიჩის მეუღლემ ელენ დუარმა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები