ვახტანგ ძაბირაძე: თუ რუსეთი­ უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი

“დღეს უკრაინის დამარცხება-მოგებაზეა დამოკიდებული მთელი ევროპის უსაფრთხოება, მეტიც, ცივილიზაციის ბედი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, სანქციები არ მოიხსნას და რუსეთი ისე ჩამოიქცევა, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი.

“რეგიონში არსებულ კონფლიქტში იმდენად სერიოზული აქტორები არიან ჩართული, რომ ჩვენი როლი და ფასი მიზერულია. ჩვენი ოპოზიცია იმისთვის კი არ მუშაობს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველო ღირსეულად წარმოჩნდეს, ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია “ომის პარტიად” წარმოაჩინოს და ეს შიდა მოხმარების საგნად გადააქციოს. გვესმის პრემიერის განცხადებები, რომელმაც ლამის უკრაინა დაადანაშაულა ომის დაწყებაში, როდესაც თქვა, რომ უკრაინა ისჯება და იჩაგრება. კონტექსტი ასეთი იყო – უკრაინა იმიტომ იჩაგრება და ისჯება, რომ ომის თავიდან არიდება ვერ შეძლოო. უცნაურია ოპოზიციის განცხადებებიც. ის ხელისუფლებისგან მეტ გახსნილობას მოითხოვს. კი, მაგრამ სად უნდა ვიყოთ გახსნილები?! საქართველო უერთდება ყველა იმ ინიციატივას, რეზოლუციას თუ დეკლარაციას, რომელთაც ჩვენი პარტნიორები იღებენ. კი, პრემიერმა თქვა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება, მაგრამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩვენი ტერიტორიიდან რუსეთში არასდროს გავა სანქცირებული ტვირთები. ოპოზიცია არაფერს ამბობს იმაზე, რომ ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების ყველა ინიციატივას იზიარებს და იწყებს შავი ხვრელების ძიებას, თუ საიდან შეიძლება გადიოდეს სანქცირებული ტვირთები რუსეთში. ამ საკითხზე დეკანოიძის უკრაინის ტელევიზიით გაკეთებული განცხადება გამაოგნებელი იყო.

“ოცნება” უკვე დიდი ხანია ატარებს ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკას, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბიბილოვის განცხადებაც მოვისმინეთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დედარუსეთთან შეერთების თაობაზე და კრემლის აზრიც. ვერანაირი დათმობა და საამებელი განცხადებები ვერ შეცვლის რუსეთის იმპერიალისტურ ბუნებას. თუ კრემლში დასჭირდებათ სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, წამოვლენ კიდეც. ამ 30-წლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს არც ერთი ხელისუფლება არ მოქმედებდა არსებული გეოპოლიტიკური ვითარების შესაბამისად. როდესაც გვეუბნებოდნენ, დინების საწინააღმდეგოდ მიდიხართო, ჩვენ ვპასუხობდით, დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიანო; როდესაც გვირჩიეს, პროვოკაციას არ წამოეგოთო, ჩვენ ვთქვით, მაგათ ვინ ჰკითხავთო.­ ახლა მთელი დასავლეთი გაერთიანებულია, ჩვენც ამას მოგვიწოდებენ და ვამბობთ, არა, ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთო. ახლა რა არის პრობლემა? ჩვენი უსაფრთხოების გარანტია ხომ ყოველთვის დასავლეთის მხარდაჭერა იყო. ეს ნიშნავდა, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა და ამიტომ ერიდებოდა საქართველოს აშკარა ინტერვენციას. დღეს რუსეთმა დასავლეთთან ურთიერთობაში ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. დასავლეთმა რუსეთს უკვე ყველა ის სანქცია დაუწესა, რისი დაწესებაც­ შეიძლებოდა. პუტინი, ფაქტობრივად, სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადეს. ახლა არგაღიზიანების პოლიტიკა ვერ გვიშველის, ვეღარაფერი გვიშველის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში, როგორ დამთავრდება ომი. ჩვენ დღეს უსაფრთხოების გარანტია აღარ გვაქვს. ამიტომ ხელისუფლების ვითომ ორმაგი თამაში შედეგს არ მოიტანს.

თუ რუსეთი უკრაინაში მიაღწევს მიზანს, აუცილებლად დადგება ჩვენი ჯერი. ჩვენც წამოგვიყენებენ იმავე ულტიმატუმს და უარის შემთხვევაში ჩვენთანაც შემოიჭრება. ამისთვის მზადება უკვე დაწყებულიც უნდა გვქონდეს. მხოლოდ დასავლურ რეზოლუციებთან შეერთება არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება გაცილებით აქტიური თანამშრომლობა იარაღისა და თავდაცვითი საშუალებების მისაღებად. თუ ამისთვის არ ვემზადებით, ესე იგი, მინდობილი ვართ უფალს.

არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის დაზვერვას რაღაც ინფორმაცია აქვს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, ინფორმაცია და არა კონკრეტული ფაქტი. მეც არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც საუბრები ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებასა და მოსკოვს შორის, ან მეორე პირებს შორის და უკრაინის თუ დასავლეთის დაზვერვამ­ ჩანაწერები მოიპოვა.­ თუ ეს მართლაც მოხდა, უკეთესიც კი იყო, რომ ეს უკრაინამ გაახმოვანა და არა დასავლეთმა. დღეს დასავლეთი ცდილობს შექმნას მასშტაბური ანტირუსული კოალიცია, შესაბამისად, ასეთი ინფორმაციის გახმაურება წამგებიანი იქნებოდა, უკრაინა კი დღეს ისეთ სიტუაციაშია, ბევრი რამ ეპატიება. ვხედავთ, როგორი მოთხოვნებით გამოვიდა ზელენსკი ევროპარლამენტში, ამერიკის სენატში… ბოლოს კი ბუნდესტაგში, ფაქტობრივად, კედელთან მიაყენა მთელი გერმანია, ისინი კი ადგენენ და ტაში დაუკრეს.

დღეს უკრაინის დამარცხება-მოგებაზეა დამოკიდებული მთელი ევროპის უსაფრთხოება, მეტიც, ცივილიზაციის ბედი. შესაბამისად, დასავლეთისგან იმის თქმა, ვწუხვარ, უკრაინაში ხალხი რომ იღუპება, მაგრამ მე გაზის შეზღუდვის შიშით ვერაფერს ვიზამო, ცოტა არ იყოს, უხერხულია. გასაგებია, კომფორტი საჭიროა, მაგრამ, ადრე თუ გვიან, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, დაღუპულ ადამიანებს კი ვერავინ გააცოცხლებს. ამიტომაც ისმენენ ზელენსკის საყვედურებს დასჯილი ბავშვებივით. ჩვენი ხელისუფლება ამ მხრივაც გამონაკლისია – ზელენსკისთვის ტაშის დაკვრას ვინ ჩივის, იქით ადანაშაულებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტს. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რომ უკრაინის სოლიდარულია, ამაზე ღარიბაშვილის განცხადების შედეგად გამართული აქციებიც მეტყველებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ხალხი ცუდი მოლოდინის ტყვეობაშია, ქვეყანაში უკვე ომის შიშია დათესილი. შესაბამისად, უნდათ თუ არა, მაინც ხელისუფლებას უჭერენ მხარს. დარწმუნებული ვარ, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს ასეთი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა რუსეთს სანქციები დაუწესდეს, რის შედეგადაც ჩვენი ცხოვრება გაძვირდება, უმრავლესობა სანქციების დაწესებას დაუჭერს მხარს, მაგრამ თუ კითხვა ასეთი ფორმულირებით იქნება: მზად ხართ თუ არა უკრაინის მხარდასაჭერად ომში ჩასართველადო, მაშინ სხვაგვარ შედეგს მივიღებთ. რაც შეეხება რუსების სისასტიკეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რუსი ჯარისკაცი ყოველთვის სასტიკი იყო. უბრალოდ, ჩვენ გაყალბებულ ისტორიას გვასწავლიდნენ, თუნდაც მეორე მსოფლიო ომზე. ყველას გვაქვს ნანახი “ჯარისკაცის მამა”, სადაც რუსმა ჯარისკაცმა ვენახს ტანკით არ გადაუარა. ასეთი შემთხვევა სინამდვილეში რომ ყოფილიყო, რუსი ჯარისკაცი ვენახსაც გადაუვლიდა და ჯარისკაცის მამასაც ზედ მიაყოლებდა. რუსული არმია 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში რომ შევიდა, პრაღა მიწასთან გაასწორა. კორპუსებს საძირკველში ესროდნენ ყუმბარსატყორცნებს, რათა მოსახლეობა მთლიანად მოყოლილიყო ნანგრევებში. რუსები სასტიკად მოქმედებდნენ ცხინვალსა და აფხაზეთშიც, უბრალოდ, ახლა მასშტაბია სხვა და ამიტომ არის მსოფლიო შოკში.

დღეს რუსეთი სრულ იზოლაციაშია. პოლიტიკის ისტორიიდან არ მახსენდება ფაქტი, როდესაც მთელ მსოფლიოს დაპირისპირებულ ერთ სახელმწიფოს გაემარჯვოს. გარდა ამისა, ეკონომიკური სანქციები ხვალ-ზეგ რუსეთს დიდ დარტყმას მიაყენებს. მთავარია, სანქციები არ მოიხსნას და რუსეთი ისე ჩამოიქცევა, როგორც თავის დროზე საბჭოთა კავშირი. რუსეთი იძულებული გახდება დათმობებზე წავიდეს და პუტინიც ჩამოშორდეს ხელისუფლებას. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი რუსული იმპერიალიზმის დამარცხებით დასრულდება და ჩვენც მოგვეცემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება­ მშვიდობიანი გზით”, – განაცხადა ძაბირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები