ვახტანგ კაპანაძე: რუსეთის პოზიცია, მთავარი ძალები არ გამოგვიყენებიაო, მდაბიო კეკლუცობაა – პუტინი ვერ შეძლებს ისეთივე ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, როგორიც თუნდაც ომის დაწყებამდე ჰყავდა
“თუ რუსეთი დამარცხდება – იმედია, ასეც იქნება – როგორც შორეულ აღმოსავლეთში, ასევე, აზიის მიმართულებით ძალზე საინტერესო პროცესები დაიწყება”, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ კაპანაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და მაღალი ხარისხის რესურსების ხარჯვაა – შესაბამისად, მაღალი დონის და პოტენციალის იარაღის გამოყენების შემთხვევები იკლებს, რადგან ულევი მარაგი არც მას აქვს.
“როდესაც აგრესორ ქვეყანას აქვს გეგმა, რომ შოკური ბლიცკრიგით დაიკავოს ტერიტორია, ამას შეიარაღებული ძალების საუკეთესო დანაყოფებით აკეთებს. არსებული ცნობებით, სუმის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პირველი სატანკო უტევდა, – წინა ხაზზე კანტემიროვის წითელდროშოვანი სატანკო დივიზია იყო. ამაზე ელიტური და ძლიერი ნაწილი რუსეთს არა ჰყავს. ეს იყო საჩვენებელი და ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დივიზია. გარდა ამისა, რუსებმა 6-7-ჯერ გადასხეს დესანტი და საკმაოდ უშედეგოდ. შედეგი კი ჰქონდათ, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც ელოდნენ, ეს არაფერს ნიშნავს. ამ ერთი თვის განმავლობაში უკრაინის სამხრეთით 22-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის დანაყოფი განადგურდა, კიევის მიმართულებით კი ელიტური სპეცდანაყოფი გაასწორეს მიწასთან. ამაზე ძლიერი ნაწილები რუსეთს არა ჰყავს და იმაზე საუბარი, მთავარი ძალები არ გამოგვიყენებიაო, მდაბიო კეკლუცობაა. თუ ამათზე ბრძოლისუნარიანი ნაწილები ჰყავდათ, მაშ, რატომ გადავიდნენ შეტევაზე მეორეხარისხოვანი ძალებით, ტყუილად დაახოცვინეს ის ხალხი? ეს ფანდია, ეშმაკური განცხადებები, რათა როგორმე გაიმართლონ თავი, თორემ კიევის ორ დღეში აღებაზე რომ ლაპარაკობდნენ, რატომ ვეღარ ასრულებენ? არ ჰყოფნით ძალები. მხოლოდ კიევის შემოგარენში, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით, იმდენად დიდი რაოდენობით რუსული ტექნიკაა განადგურებული, სპეციალური სამხედრო მთვლელი ორიქსი, ფაქტობრივად, გაიჭედა. ასევე დაუთვლელია განადგურებული ტექნიკა სუმისა და ხარკოვის რაიონებშიც.
“კინჟალისთვის” დიდი მნიშვნელობის მინიჭება გადაჭარბებული მგონია, ისევე როგორც პუტინის მტკიცება, რომ ასეთი შეიარაღება არც ერთ სხვა სახელმწიფოს არა აქვს. ამ რეალობაში ასეთი შინაარსის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის დაზვერვას ძალიან ბევრი ჩავარდნა აქვს. ის ჩვეულებრივი “ისკანდერია”, რომელიც 2 000 კილომეტრამდე მოქმედებს. ჰიპერბგერით სიჩქარეს აღწევს იმიტომ, რომ თავად თვითმფრინავის აჩქარება მას დამატებით იმპულსს აძლევს, თუმცა მოსაგერიებლად შეუძლებელი ნამდვილად არ არის. ამასთან, რუსეთს ის შეზღუდული რაოდენობით აქვს. სამაგიეროდ, ბევრი აქვთ მცირეგაბარიტული ბგერამდელი სიჩქარის სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტები. ამ ფრთოსანი რაკეტის 570 ერთეული უკრაინამ რუსეთს 1995 წელს გაზის სანაცვლოდ მისცა. რაც შეეხება საზღვაო ბაზირების რაკეტებს, ისინი 2500 კმ მანძილზე მოქმედებს და რუსებს კასპიის ზღვიდანაც შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა, თუმცა არც ისინი აქვთ საკმარისად. სხვათა შორის, ერთი ერთეულის ფასი 1,5 მილიონი დოლარია და პირველად სირიაში გამოიყენეს. რაც შეეხება “ისკანდერს”, ეს ბალისტიკური რაკეტა რუსეთმა პირველად საქართველოში, აგვისტოს ომის დროს გამოიყენა. ერთი რაკეტის ფასი 4 მილიონ დოლარამდეა – ანუ ამ რაკეტების ხარჯვა რუსეთს ძალზე ძვირი უჯდება, თავი რომ დავანებოთ ცოცხალი ძალისა და სხვა სამხედრო ტექნიკის, თუნდაც საფრენი აპარატების დანაკარგს, რომელიც რუსეთისთვის ძალზე მტკივნეულია. ამის დასტურია ის, რომ გამოაჩინეს “ტოჩკა უ”, რომელიც “ისკანდერის” წინა თაობაა და რუსეთის შეიარაღებიდან ამოღებულიც კი იყო. ასე რომ, “კინჟალის”, “კალიბრის” ან სულაც თერმობირთვული მუხტის მატარებელი სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების გამოყენება სტრატეგიული მარაგების განიავებაა. ისინი რუსეთს დიდი ბირთვული ომისთვის ჰქონდა გადანახული. ამიტომ დაიმსახურა გენერალიტეტმა პუტინის რისხვა. ასე რომ, უკრაინაში ომი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და მაღალი ხარისხის რესურსების ხარჯვაა. შესაბამისად, მაღალი დონის და პოტენციალის იარაღის გამოყენების შემთხვევები იკლებს, რადგან ულევი მარაგი არც მას აქვს. ისიც ფაქტია, რომ მისი, როგორც მოწინააღმდეგის, შეუფასებლობა არ შეიძლება. ეს შეიძლება ნაადრევი და მცდარი დასკვნის გაკეთების საფუძველი გახდეს. რუსეთს მარაგი ჯერ კიდევ აქვს, შესაძლოა მაღალი კლასის არა, მაგრამ შედარებით დაბალი კლასის. ამას მიანიშნებს მისი ბოლოდროინდელი გააქტიურება.
რაც შეეხება რუსული ძალების “გაყვანას”, იმედია, აფხაზეთის მსგავსი რამ უკრაინაში არ განმეორდება – მაშინ შევარდნაძემ ახალი სასწავლო სეზონის გახსნაც კი გამოაცხადა და დევნილები დაბრუნდნენ, შემდეგ კი დაბომბვას რაც მოჰყვა, ყველამ ვიცით. თავად ვარ მომსწრე, როგორ დაბრუნდნენ მებრძოლები ოჯახების გასახიზნად, რამაც ფრონტის წინა ხაზები დაასუსტა… უკრაინელებისა და უცხოელი პარტნიორებისგან რაც მესმის, ეს გაყვანა კი არა, ძალთა გადაჯგუფებაა. ახლა ბრძოლის აქცენტი მაინც დონბასის მიმართულებაზეა გადატანილი. ბოლო დღეებში რუსების საცეცხლე ზემოქმედების ინტენსივობა 5-6-ჯერ გაიზარდა, რაც დიდი შეტევისთვის მოსამზადებელი პერიოდია. რუსები დონბასში უკრაინული სამხედრო დაჯგუფებების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ორი ვარიანტი აქვთ: სამხედრო ტერმინებით რომ ვთქვათ, ცდილობენ ღრმა შემოვლით გულიაი-პოლედან შემხვედრი დარტყმა მიაყენონ იზიუმს, რითაც უფრო დიდი ფართობის ალყაში მოქცევის შესაძლებლობა ექნებათ. თუ ამას ვერ მოახერხებენ, ტემპი, ენერგია და სამხედრო რესურსი არ ეყოფათ, უფრო ადვილია მოკლე შემორტყმა გორლოვკა-კარლეტის მიმართულებიდან, რა შემთხვევაშიც დონბასის დაჯგუფება შუაში იხლიჩება. ასე რომ, ყველაზე დიდი ბრძოლები დონბასშია მოსალოდნელი. რუსეთს ისეთი რაიონებიდან მოჰყავს სამხედრო დანაყოფები, სადაც იცის, რომ მათი რაოდენობის შემცირებით არაფერი მოხდება. რუსეთს ჯერ ხელი არ უხლია იმ ბაზის შემადგენლობაზე, რომელიც შუა აზიის მიმართულებით ჰყავს. ვგულისხმობ შორეულ აღმოსავლეთს, ტაჯიკეთს, “თალიბანის” მოსაზღვრე რეგიონებს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთს ძალიან მალე პრობლემები სწორედ ამ მიმართულებით შეექმნას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება პროცესები უკრაინაში.
თუ რუსეთი დამარცხდება – იმედია, ასეც იქნება – როგორც შორეულ აღმოსავლეთში, ასევე აზიის მიმართულებით ძალზე საინტერესო პროცესები დაიწყება. ეს ქვეყნები მოუთმენლად ელოდებიან რუსეთის წაფორხილებას, რათა მომენტით ისარგებლონ. ინტერესით დაველოდებოდი, რა მოხდებოდა, თუ იაპონია გადასხამდა დესანტს კურილიის კუნძულებზე, ან ფინეთი შეეცდებოდა კარელიისა და ვიბორგის დაბრუნებას. აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და ყარაბაღიდან ძალების გაყვანა, სირიიდან მებრძოლების ჩამოყვანა ნიშნავს, რომ რუსეთს ძალების შევსება სჭირდება – დანაკარგის შევსება და არა შეიარაღებული ძალების გაძლიერება. პუტინი ვერ შეძლებს ისეთივე ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნას, როგორიც თუნდაც ომის დაწყებამდე ჰყავდა.
შეუძლია სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, სხვა თუ არაფერი, მობილიზებულ პირად შემადგენლობას მომზადება სჭირდება. რუსეთის არმიას უამრავი პრობლემა აქვს. ძალიან გაჭიმულია, ძირითადად, რაიონებს კი არა, მიმართულებებსა და გზებს აკონტროლებს. ცდილობენ გვერდი აუარონ დასახლებულ პუნქტებს, რაც მათ ზურგში როგორც უკრაინული დანაყოფების, ასევე ტერიტორიული თავდაცვის ძალების აქტიურ მოქმედებას იწვევს. პუტინის ვითომ ეშმაკობა ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებიდან ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, უფრო ფრონტის ხაზის გასწორებასა და ზურგში დარჩენილი “ჯიბეებისა” და “კვანძების” გასუფთავებას ჰგავს, რათა ზურგი უფრო დაცული ჰქონდეს, რაც დროისა და ტაქტიკური მომენტების მოგებაა, რათა ძალა მოიკრიბოს. სლავუტიჩზე შეტევაც ამას ემსახურება, ის “ჯიბესავით” ჰქონდათ ზურგში დარჩენილი და ეს პრობლემებს უქმნიდათ”,- განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება კითხვას: “დახურეთ უკრაინის ცა! – ეს მიმართვა გვესმის მთელი ომის მსვლელობისას. მიხაილ პოდოლიაკი პარტნიორებისგან შორი დისტანციის საარტილერიო სისტემებისთვის ჭურვებს ითხოვდა. ყველაზე მეტად რა სჭირდება უკრაინას უპირატესობის მოსაპოვებლად?” – რესპონდენტი პასუხობს:
“საარტილერიო, სარაკეტო, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ათვისებული აქვთ. როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, ეს გულისხმობს, რომ მას იერიში მიაქვს საწვავის, იარაღისა და პროდუქტის საცავებზე. ამ გზით ცდილობს რუსეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იგივე პრობლემები შეუქმნას, რაც თავად ჰქონდა, როდესაც ლოჯისტიკა ჯარებისთვის ამ რესურსის მიწოდებას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, ინტენსიური დაბომბვის გამო უკრაინული მხარე ჯავშანტექნიკის გარემონტებას ვერ ახერხებს, ვინაიდან ის რაიონები და ქარხნები, სადაც ტექნიკას აღადგენდნენ, დაბომბილია. ასევე, თუ საჰაერო სივრციდან ვერ მოახერხებს საცეცხლე ზემოქმედებას დისტანციურ მოწინააღმდეგეზე, ამისთვის შორსმსროლელი არტილერია სჭირდება. დავუშვათ, უკრაინა ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე გადავიდა. ამისთვის მას სჭირდება საჰაერო მხარდაჭერა, რუსეთის საჰაერო უპირატესობა მინიმუმამდე უნდა შეამციროს. დღევანდელი მოცემულობით, მას მხოლოდ მოკლე, ლოკალური და ადგილობრივი მნიშვნელობის კონტრშეტევებზე გადასვლა შეუძლია”.