“პარტიების საქმიანობა არ არის აბსოლუტური უფლება; იგი შეიძლება, შეიზღუდოს, მათ შორის, ისეთი მძიმე ზომითაც, როგორიც არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა” – გიორგი კახიანი
“რა თქმა უნდა, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არის საყოველთაოდ აღიარებული უფლება და კითხვები ჩნდება, როდესაც ასეთ დროს ჩვენ მსგავს კრიტიკას ვისმენთ”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა ისაუბრა, რითაც უპასუხა წამყვანის კითხვას: „ნებისმიერმა პოლიტიკოსმა კარგად იცის, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება – ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება. რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსები „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა?“
„რა თქმა უნდა, პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა არის უმნიშვნელოვანესი რამ, ზოგადად პარტიული პლურალიზმი – ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ყოველი სახელმწიფოს კანონმდებლობა ადგენს მნიშვნელოვან გარანტიებს იმისთვის, რომ პოლიტიკური გაერთიანებების საქმიანობა იყოს თავისუფალი. იმავდროულად, პარტიების საქმიანობა არ არის აბსოლუტური უფლება. მთელ რიგ შემთხვევებში იგი შეიძლება, შეიზღუდოს, მათ შორის, ისეთი მძიმე ზომითაც, როგორიც არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვა.
რაზეც ახლა ვსაუბრობ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით შემოთავაზებული რეგულაციები. არამედ, ეს არის ის ნორმები, რომლებიც ფაქტობრივად ყოველი დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობებით არის გაწერილი და განსაზღვრული. მაშინ, როდესაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა და ასეთ კრიტიკას ვისმენთ, ბუნებრივია მთელი რიგი კითხვები ჩნდება – რატომ არის ეს, რა შეიძლება, რომ ვიფიქროთ ამ შემთხვევაში. ანუ, ეს აქტორები, რომლებიც ამ მიმართვას აკრიტიკებენ, მონდომებულები არიან არა იმისთვის, რომ მართლაც ნახონ სასამართლო პროცესი, რომელიც საჯარო იქნება, არამედ მათ თავიდანვე დაიწყეს დაცვა იმ პოლიტიკური გაერთიანებების, რომელთა მიმართაც, გასაგებია, რომ სუბიექტური ინტერესი გააჩნიათ“, – აღნიშნა კახიანმა.