კობა გვენეტაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ინფლაცია შემცირდეს და მიზნობრივ დონეს დაუბრუნდეს
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ინფლაცია დროთა განმავლობაში შემცირდეს და მიზნობრივ დონეს დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაციაზე მიწოდების ჯაჭვების შედეგად შექმნილი ფაქტორები მოქმედებს, რომლებიც დროებითია. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ სებ-ი ამ ფაქტორებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას დაახვედრებს, რაც მათ მილევას განაპირობებს.
„ფაქტორები, რომლებიც ბოლო ორი შოკის განმავლობაში მოქმედებდა საქართველოზე, არის მიწოდების ჯაჭვების შედეგად შექმნილი ფაქტორები, რომელიც დროებითია და რომელთა მილევის გარეშე შეუძლებელი იქნება, რომ ინფლაცია შემცირდეს. მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა დავახვედროთ ამ სიტუაციას – ეს არის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რადგანაც ეს არის ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ინფლაცია დროთა განმავლობაში შემცირდეს და მიზნობრივ დონეს დაუბრუნდეს. აქედანაა ის შეფასება, რომ ეროვნული ბანკი მართებულად ფოკუსირებული რჩება ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოებლად. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ამ მიმართულებას და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთჯერადი ფაქტორების მილევის ფონზე დავუბრუნდებით სამიზნე მაჩვენებელს“, – განაცხადა გვენეტაძემ.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge