იონათამიშვილი – ბიბილოვის განცხადებაზე: ეს არის ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. დღის წესრიგი – არანაირი ფასი არ აქვს
ეს არის მართლაც ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. დღის წესრიგი, რომელიც ჩვენთვის ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება.
მისი თქმით, არანაირი ფასი ამ ადამიანების განცხადებებს არ აქვს.
დეპუტატმა განმარტა, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხებზე კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, რაც, მისი თქმით, უწყვეტად მიმდინარეობს.
„ის არ არის აღიარებული და ვერ იქნება აღიარებული ვერცერთ დონეზე. შესაბამისად, ეს არის მართლაც ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. დღის წესრიგი, რომელიც ჩვენთვის ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო. უბრალოდ, ჩვენი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ ნებისმიერ პროვოკაციაზე გვქონდეს აქტიური და ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს პროცესი ნამდვილად უწყვეტია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge