პაპუაშვილი – ბიბილოვის განცხადებაზე: ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია
ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადების, რომ რუსეთთან მიერთების საკითხზე დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მსგავსი მიმართვები აქამდეც განხორციელებულა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ახალი ამ კუთხით არ არის, პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვფიქრობ, ალბათ, ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა, თავისთავად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები, თუ განხორციელებული ასეთი სახის მიმართვები, რა თქმა უნდა, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge