ბექა დავითულიანი: ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ვიქნებით პრინციპული

ბიბილოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება უკანონოა და არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და სეპარატისტული რეჟიმი, მათ არავითარი კანონიერი საფუძველი და რაიმე რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთთან მიერთების საკითხზე დე ფაქტო ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, პროვოკაციები საქართველოს მიმართ, სავარაუდოდო, კიდევ უფრო გააქტიურდება.

დეპუტატი აცხადებს, რომ საჭიროა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება.
დავითულიანის თქმით, საქართველო ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით პრინციპული იქნება.

„როგორც ჩანს, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, ასეთი კუთხით საქართველოს მიმართ პროვოკაციები გააქტიურდება და სამწუხაროდ, ამ მიმართულებით კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ. ბიბილოვისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მხრიდან რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით განცხადება პირველად არ გაკეთებულა. ჩვენ უნდა დაველოდოთ, რუსეთის რეაქციას და რუსეთის პოზიცია საქართველოს მიმართ დამატებითი მესიჯი იქნება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობასა და სუვერენიტეტის ხელყოფასთან არის დაკავშირებული. ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების მაღალი რისკები და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, რათა ამ მძიმე ვითარებიდან ქვეყანა მოგებული გამოვიყვანოთ და არა – კიდევ უფრო დაზიანებული. იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობებს საბოლოო ჯამში რეგიონში შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი მოგვცემს. ბიბილოვის მხრიდან გაკეთებული განცხადება უკანონოა და არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია და სეპარატისტული რეჟიმი, მათ არავითარი კანონიერი საფუძველი და რაიმე რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ. დღეს, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მსგავს ნაბიჯებზე რეაგირება საერთაშორისო ბერკეტებით მოახდინოს. სამწუხაროდ, საქართველოს დღეს იმის ძალა არ შესწევს, რომ თავისი კუთვნილი რამენაირად ძალისმიერი მეთოდებით დაიბრუნოს, ამაზე ლაპარაკი არ არის, ლაპარაკია – საერთაშორისო პლატფორმებსა და საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტებზე. ჩვენ ამის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ და ვიქნებით, პრინციპულები ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ყველა ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტით და შესაძლებლობით“, – განაცხადა დავითულიანმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
მანამდე კი რუსეთის დუმაში პუტინის პარტიამ ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ყველა რუსულენოვანი ადამიანი თანამემამულედ უნდა ჩაითვალოს.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები