ბერლინში საქართველოს კულტურის დღეებს „შინი“ გახსნის
დღეიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, ბერლინის ევროპული კულტურების მუზეუმში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართება. პროექტ “სუფრის” მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ბერლინის მუზეუმში ოქტომბრის ჩათვლით გამოიფინება ერმაკოვის ფოტოები და ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული 29 ისტორიული ნივთი. სულ დაგეგმილია 11 ღონისძიება – გამოფენა, კონცერტები, კინოჩვენებები და მოხსენებები სხვადასხვა თემაზე.
დღეს ქართული კულტურის დღეებს ანსამბლი “შინ” გახსნის.
2 აგვისტოს წარმოდგენილი იქნება ჩრდილების თეატრი “ბუდრუგანა გაგრა”, კლასიკური ნაწარმოებებისა და ჯაზკომპოზიციების თანხლებით. ბერლინში არსებული აფხაზური რესტორანი გამართავს აფხაზური კერძების დეგუსტაციას.
7 აგვისტოს დამსწრე საზოგადოებისთვის მოხსენებას წაიკითხავს საქართველოს ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. მოწვეული სტუმრები ქართულ ღვინოს დააგემოვნებენ, წარმოდგენილი იქნება მოქანდაკე ბესიკ მაზიაშვილის მიერ ბერლინში დამზადებული ქართული ქვევრები. საღამო ქართული ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება.
9 აგვისტოს “ჯორჯიან სიმფონიეტა” და დუდანა მაზმანიშვილი ერთობლივ კონცერტს გამართავენ.
14 აგვისტოს გერმანელი მეცნიერის მანფრედ ნავროტის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს შეეხება.
16 აგვისტოს მოწვეული სტუმრები ქართული კულინარიის ისტორიის შესახებ რუსუდან გორგილაძის მიერ შექმნილ წიგნს გაეცნობიან. წიგნის სახელწოდებაა “კერძთაყვანისცემა”.
19 აგვისტოს ბერლინის კულტურათა მუზეუმი კავკასიის რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების შეასახებ ღია დისკუსიას უმასპინძლებს და განიხილავს ახალგაზრდების როლს კონფლიქტების გადაწყვეტის საკითხში. ღონისძიების ორგანიზატორის აღმოსავლეთ ევროპის კულტურული ფორუმი.
21 აგვისტოს გერმანელი ფოტოგრაფის როლფ შრადეს გამოფენა მოეწყობა, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მოხსენება სვანური ხატწერის შესახებ. 23 აგვისტოს გაიმართება შეხვედრა დასავლეთში მოღვაწე აღიარებულ ქართველ მწერლ ნინო ხარატიშვილთან და მისივე ახალი რომანის პრეზენტაცია.
28 აგვისტოს მუზეუმი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული ანსამბლის “სულიკოს” კონცერტს უმასპინძლებს. გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება, რომელსაც გერმანიაში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრებიან. 30 აგვისტოს ქართული კულტურის დღეები ბერლინში აჭარის ფოლკლორული ანსამბლის კონცერტით დაიხურება. წარმოჩენილი იქნება ქართული სუფრის ტრადიცია და კულტურა.