შვეიცარიული მუსიკალური ბენდის „ალფორნ იქსფიერიენსი“ კონცერტი – დასწრება თავისუფალია
31 ივლისს, 17:00 საათზე, შვეიცარიული მუსიკალური ბენდი „ალფორნ იქსფიერიენსი“საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში კონცერტს გამართავს. ბენდი ტრადიციულ შვეიცარიულ ფოლკლორულ და თანამედროვე მუსიკალურ ნაწარმოებებს შეასრულებს.
ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, შვეიცარიისსრულუფლებიანიელჩისაქართველოშიგიუნტერბეხლერიდასხვა მოწვეული სტუმრები.
შვეიცარიული მუსიკალური ბენდი „ალფორნ იქსფიერიენსი“ საქართველოს შვეიცარიის საელჩოს ეგიდით სტუმრობს. მუსიკალურმა ბენდმა 30 ივლისს უკვე გამართა რამდენიმე კონცერტი ღია ცის ქვეშ. 31 ივლისს ჯგუფი ვაკისა და რიყის პარკშიც დაუკრავს.
მუსიკალური ბენდი „ალფორნ იქსფიერიენსი“ 2009 წელს დაარსდა. ჯგუფის წევრების შთაგონების წყარო ადგილობრივი ტრადიციები და ასევე, მსოფლიოში აღიარებული მუსიკალური მიმდინარეობებია. მათი მუსიკა მოიცავს ჯაზისა და ფანკის ელემენტებს. კვარტეტი მუსიკის რიტმებს უნიკალური სოლოშესრულებით ამდიდრებს და იმავდროულად, თავიდან აცოცხლებს და ანახლებს კლასიკური საკრავის – Alphorn-ის ჰანგებს. ტრადიციული მუსიკალური საკრავი ალფორნი (Alphorn) ძირითადად შვეიცარიაში გამოიყენება, თუმცა ანალოგიური საკრავები სხვა ალპურ ქვეყნებშიც გვხვდება. იგი ახალგაზრდა ნაძვისა და ფიჭვის ხეებისგან კეთდება. ხეების ბუნებრივად არსებულ მრუდ ნაწილებს მწყემსები ოდითგანვე იყენებდნენ ალფორნის ხმის მისაღებად, რაც იმდენად ძლიერია, ექვსი კილომეტრის დაშორებითაც კი ისმის.
„ალფორნ იქსფიერიენსის“ წევრები არიან: მაიკ მაურერი (Mike Maurer), სემი ლორთშერი (Sami Lörtscher), კრისტიან შმიტერი (Christian Schmitter) და მარტინ მიურნერი (Martin Mürner).
პროგრამა
ხუთშაბათი, 31 ივლისი
11.00 – ვაკის პარკი, კონცერტი ღია ცის ქვეშ
17.00 – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კონცერტი
19.30 – რიყის პარკი, კონცერტი ღია ცის ქვეშ
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.