ომი თუ მშვიდობა – დავით ბრაგვაძე

“ომი თუ მშვიდობა? არ მინდოდა ამ თემაზე საჯაროდ დამეწერა, მხოლოდ პირად მიმოწერებში დისკუსიით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ჯობია დავწერო”,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია GISP-ის დირექტორი, დავით ბრაგვაძე სოციალურ ქსელში წერს.
“უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დაინახა “შესაძლებლობების ფანჯარა” და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე ალაპარაკდა.
არ ვილაპარაკებ გაუგებარი წარმომავლობის ვიდეოზე, რომელიც “ქართველო ხელი ხმალს იკარ” მოწოდებებით იყო სავსე…
ამ განწყობას პერიოდულად აღვივებს უკრაინელი პოლიტიკოსების მოწოდებებიც. თუ არ ვცდები, მთლად პირველი გონჩარენკო იყო “კარგი ამინდია და ცხინვალში გაისეირნეთო” რომ დაწერა… რაღაცნაირი მოწოდებაა პარლამენტის წევრის მხრიდან, როგორც მინიმუმ არასერიოზული, მაგრამ აქ ხალხის ნაწილი ხბოს აღტაცებით აჰყვა. ამ მოწოდებას ისტერიულად აზიარებდნენ ინფლუენსერები და მათი “მრევლიც” ვერ დარჩა გულგრილი.
მერე იყო ცნობილი და უდავოდ ნიჭიერი ქართველების მოწოდებები, რომელთა ქარაფშუტობის ხარისხმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ახლახან კი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებაც დაგვეწია. კიდევ ერთხელ შევიკავებ თავს სიღრმეებში შესვლისგან. ხალხი ომშია და თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი. უბრალოდ ამხელა თანამდებობის პირი მინიმუმ იმას არ უნდა ამბობდეს “დნესტრისპირეთმა და საქართველომ ტერიტორიები რომ დაიბრუნონო”… აქამდე მეგონა, რომ მოლდოვას ჰქონდა დნესტრისპირეთი დასაბრუნებელი და არა პირიქით.
ამ არც ისე მოკლე შესავლის მერე, ტერიტორიული მთლიანობის ძალით აღდგენის მომხრეთა ორი მთავარი არგუმენტი განვიხილოთ.
1. რუსეთი ჩამოიშალა, ჯარები ორივე რეგიონიდან გაიყვანა, იქ აღარავინ დარჩა და აბა ჩვენ ვიცით.
ა) ამაზე სამხედრო ექსპერტები უკეთ დაწერენ, მაგრამ რა გარანტია გვაქვს, რომ რუსეთი, როგორც სამხედრო ძალა ასეთ შემთხვევაში ბოლომდე გამოსარიცხია? გასაგებია, რომ ახლა დიდი ძალები გაიყვანეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ ასე გადაჭრით იმის თქმა, რომ რუსეთი ამ სამხედრო დაპირისპირებაში მხარე არ იქნება, ცოტა გადაჭარბებული მგონია.
ბ) დავუშვათ ბოლო რუსი ჯარისკაციც გასულია ორივე ოკუპირებული ტერიტორიიდან, რუსეთს აღიარებებიც გაწვეული აქვს და საერთოდ აღარ ერევა ჩვენს საქმეებში.
ამ შემთხვევაში სუფთა სამხედრო კუთხით, არც აფხაზებს და არც ოსებს არანაირი შანსი (ალბათ) არ აქვთ. თუმცა ასეთ შემთხვევაში გვაქვს სხვა, შეიძლება უფრო მძიმე პრობლემა.
არ ვიცი რატომ აქვს ჩვენი საზოგადოების ნაწილს ილუზია, რომ იქ მყოფი მოსახლეობა ქართულ ჯარს ყვავილებით დახვდება… ეგეც რომ არ იყოს და მათი წინააღმდეგობა ადვილად გავტეხოთ, 48 საათში დავლიოთ ფსოუს წყალი და დავიწყოთ დევნილების დაბრუნება. არ ვიცი რამდენად უსაფრთხო იქნება ჩემისთანა ქართველებისთვის სოხუმში გაჩერება.
გვიღირს თუ არა ყველა აფხაზის თვალებში ზიზღის, ან შიშნარევი ზიზღის ყურება? მათ ცნობიერებაში ახალი ანტიქართული განწყობების გაღვიძება, რომელიც არც ახლაა ცოტა … ამაზე ალბათ დაფიქრება გვმართებს.
2. აზერბაიჯანს არაფერი უთხრეს და ჩვენ რა უნდა გვითხრან? თან ნახეთ, მაგათმა დაინახეს შესაძლებლობა და ახლა დარჩენილ ტერიტორიებსაც იბრუნებენ….
ა) აზერბაიჯანის კონტექსტი სრულიად განსხვავებულია და ეს მინდა რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას კარგად ესმოდეს. აზერბაიჯანის შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა არის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. ჩვენს შემთხვევაში არის ტერიტორია + ადამიანები.
აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის არსებული ზიზღი არ იძლევა ყარაბაღელი სომხების აზერბაიჯანულ სახელმწიფოში რეინტეგრაციის შესაძლებლობას. ამიტომ ყარაბაღის მოცემულობა არის გაცილებით მარტივი: სანამ კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში არის სომხური ადმინისტრაცია, მანამდე რჩება სომხური მოსახლეობა. როგორც კი აზერბაიჯანი აღადგენს კონტროლს კონკრეტულ დასახლებაზე, სომხური მოსახლეობა მიდის. აზერბაიჯანი დაიბრუნებს მიწებს, მაგრამ ვერ დაიბრუნებს ადამიანებს (არც აქვს ეს ამოცანა).
ჩვენს შემთხვევაში ასე მარტივად არაა საქმე. როგორც მე, შენ, ჩვენ ვერ წავალთ აქედან ვერსად, ისე ვერ წავლენ აფხაზები. ოსების დიდი ნაწილიც არ წავა, ვინც აქამდე დარჩა ამიერიდან ალბათ აღარაა წამსვლელი, მაგრამ აფხაზების შემთხვევაში ეს გარემოება კიდევ უფრო სპეციფიკურია.
ადამიანისთვის სამშობლო ისაა სადაც იბადება, ჩემი სომეხი მეზობლებისთვის სამშობლო საქართველოა, ბოლნისელი აზერბაიჯანელისთვის საქართველოა ა.შ. თუმცა სპეციფიკურ ვითარებაში, შეიძლება რაღაც “გასაქცევი” ყველამ მოძებნოს. ასე იქცევიან ყარაბაღელი სომხები, რომლებიც საკუთარ სახლებს ტოვებენ და ჯერ კიდევ სომხური ადმინისტრაციის კონტროლის ზონაში, ან სომხეთის რესპუბლიკაში გადადიან…
აფხაზი სად უნდა წავიდეს? სამშობლო ხომ მართლა ერთია, მაგრამ აფხაზის შემთხვევაში “სხვა სამშობლო” მართლა არ არსებობს. ცხადია, ცალკეულ ადამიანებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ მთლიანობაში აფხაზები აფხაზეთიდან ვერ წავლენ.
ამიტომ ჩვენი პრობლემა ვერასოდეს იქნება მხოლოდ მიწის დაბრუნების პრობლემა. ჩვენ ყოველთვის მოგვიწევს ფიქრი იქ მცხოვრებ ადამიანებზე.
ბ) აზერბაიჯანს დასავლეთმა ბევრი მართლა არაფერი უთხრა, მაგრამ მაგასაც აქვს თავისი მიზეზები. პირველ რიგში მთავარი: რომც ეთქვათ, ალიევის რეჟიმი ამაზე ბევრს არ ინერვიულებდა. მერე რომ მისი რესურსები ბევრს სჭირდება და იმაზე მეტს აღარ ეუბნებიან ვიდრე უთხრეს. მერე კიდევ ის რომ იქ ყარაბაღის კონფლიქტს მხოლოდ ერთ განზომილებაში ხედავს დასავლეთიც – არის ორი მხარე, სომხეთი/ყარაბაღი და აზერბაიჯანი. სომხეთს აზერბაიჯანის მიწები მიტაცებული აქვს, აზერბაიჯანი ამას იბრუნებს.
ჩვენი განზომილება ეგეთი არაა. ყველანი ვთანხმდებით, რომ რუსეთი ამ პრობლემის მთავარი ნაწილია, მაგრამ არსებობს კონფლიქტის ქართულ/აფხაზური და ქართულ/ოსური განზომილებები.
შენ ერთი მხრივ ამტკიცო, რომ აფხაზებთან პრობლემა არ გაქვს, პრობლემა მხოლოდ რუსეთია, რუსეთი ამ კონფლიქტიდან გაქრეს და მაშინვე აფხაზს ესროლო… წარმოგიდგენიათ ეს დასავლეთის თვალში როგორ გამოჩნდება?
ან კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე რას ფიქრობთ?საქართველოს დასავლურ მომავალზე რას ფიქრობთ? გიღირთ ხვალვე სოხუმში შესვლა ამ მომავალზე უარის თქმად? რადგან თუ დალაპარაკების გარეშე, პირდაპირ თოფს გაისვრით, ეს მომავალი აღარ გექნებათ.
აზერბაიჯანს აქვს იმის “ფუფუნება” დასავლეთს არ მოუსმინოს, რადგან არ აშენებს დასავლურ სახელმწიფოს. ჩვენ ეგ ფუფუნება გვაქვს?
…..
ახლა ალბათ მკითხავთ, აბა რა უნდა ვქნათო? როდემდე უნდა ვიცადოთო? იმ აფხაზებს ჩვენთან დაბრუნება არასოდეს რომ მოუნდეთ და მოლაპარაკებები უსაშველოდ გაიწელოს მაშინ რას ვშვრებითო… ვეცდები მაგაზეც გიპასუხოთ.
პირველი და მთავარი, იმედია რუსული ფაქტორი ამ კონფლიქტებიდან მართლა გაქრება, მაგრამ იქნება თუ არ იქნება, ყოველთვის უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი ვიმუშაოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ადამიანებზე.
თუ ეს ოხერი რუსული ფაქტორი გაქრა, მაშინვე ტანკი კი არ უნდა დავქოქოთ, უნდა ვილაპარაკოთ!
თუ ტანკს დავქოქავთ ვიქნებით მენტალური რუსები! თუ ვილაპარაკებთ ვიქნებით ევროპელები!
რომ არ მოუნდეთ ლაპარაკი? გამორიცხულია… გამორიცხულია რუსული ქოლგის გარეშე დარჩენილ აფხაზებს და ოსებს ლაპარაკის სურვილი არ გაუჩნდეთ. ეგ ბედნიერი დღე მართლა რომ დადგება, აუცილებლად დაგველაპარაკებიან.
დაგველაპარაკებიან რადგან სხვა გზა არ ექნებათ, რადგან თუ არ დაგველაპარაკებიან ამით მართლა მოგვცემენ პრობლემის ძალით მოგვარების ლეგიტიმაციას, მათ შორის დასავლეთის თვალში. თუ ლაპარაკზე უარი თქვეს, მაშინ მოგეცათ ლხენა იმ ხალხს, ვისაც მაინცდამაინც ძალით გინდათ ამ პრობლემის მოგვარება.
მეორე მხრივ, იმ ვითარებაში როცა რუსეთი აღარ იქნება და ქართველები ტანკის დაქოქვის ნაცვლად მშვიდობაზე დავიწყებთ ლაპარაკს, ამით ძალიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ადამიანების დაბრუნების გზაზე. ეს ნაბიჯი ძალიან დიდი შენატანი იქნება ქართული საქმისთვის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თუ რუსეთი გაქრება, მშვიდობით, მოლაპარაკებით და კონკრეტული შეთანხმებით როკის გვირაბთან და ფსოუზე ქართული დროშა 1-2 წლით გვიან შეიძლება აფრიალდეს, მაგრამ მერე იფრიალებს ძალიან ძალიან დიდხანს და ეს დროშა ისევე იქნება აფხაზების და ოსების, როგორც ჩვენი.
მოლაპარაკების გარეშე, შეიძლება ეს მართლა ორ დღეში მოხდეს, მაგრამ რაც ამას მოჰყვება, ის ამ დროშის ამაყად ფრიალს უდავოდ ხელს შეუშლის.
დასასრულს მაინც დავძენ. მშვიდობის მტრედი არ ვარ და ძალის გამოყენებით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს უნდა ბოლო და არა პირველი გამოსავალი.
ის მოლაპარაკებებიც ვერ იქნება უსასრულო, რაღაც გონივრულ ვადებში უნდა მოხდეს და რაღაც გონივრულ შეთანხმებამდე მივიდეს (ამ კონკრეტიკაზე საუბარი ახლა ძნელია).
მშვიდობით მივიღებთ ხანგრძლივ მშვიდობას, მიწის და ადამიანების პრობლემის მოგვარებას. ძალით მივიღებთ ახალ თავსატეხებს, რომლებისთვის ამ მომენტში (დაბეჯითებით შემიძლია ვატკიცო, რომ) მზად არ ვართ, ამიტომ აუცილებელია ყოველთვის მზად ვიყოთ ყველა შესაძლო განვითარებისთვის”,- წერს ბრაგვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები