ქუთაისისა და ნიკეას მეგობრობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, თანამშრომლობის განახლების მიზნით, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფება
„ქუთაისისა და საბერძნეთის ქალაქ ნიკეას მეგობრობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, თანამშრომლობის განახლების მიზნით, საბერძნეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქართული დელეგაცია“, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 3 ნოემბერს, ნიკეას მუნიციპალიტეტში, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა და ნიკეას მერმა კონსტანტინოს მარაგიკისმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ქუთაისსა და ნიკეას შორის მომავალი თანამშრომლობის შესახებ.
„მხარეებმა სურვილი გამოთქვეს, ითანამშრომლონ კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის, სპორტის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის სფეროებში, ადგილობრივი თვითმმართველობების გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ქუთაისსა და ნიკეას უკვე 40 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ქუთაისის ერთ-ერთ ყველზე დიდსა და ლამაზ უბანს ნიკეას სახელი ჰქვია, ხოლო ნიკეაში არის ქუთაისის ქუჩა. სწორედ ამ მეგობრობის განსამტკიცებლად ვეწვიეთ საბერძნეთს და ნიკეას მერთან, კონსტანტინოს მარაგიკისთან ერთად ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის განახლებას გულისხმობს.
ნიკეაში ვიმყოფებოდით ოფიციალური დელეგაციით, პარლამენტის წევრებთან ზაზა ლომინაძესა და გივი ჭიჭინაძესთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან შალვა კირთაძესთან ერთად.
მაღალ დონეზე ორგანიზებული შეხვედრებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საბერძნეთში ლევან ბერიძეს და ათენის ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელს ნანა თევდორაძეს“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისის და ნიკეას მუნიციპალიტეტების დამეგობრების 40 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ნიკეაში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.