დღეს გურამ დოჩანაშვილი 83 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კრიტიკოსი ლევან ბრეგაძე სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა, რასაც გამოვეხმაურები ერთი ამონარიდით ნაშრომიდან „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“, რომელიც ჟურნალ „სჯანის“ 2002 წლის მე-3 ნომერში გამოვაქვეყნე. ფრაგმენტს ბოლოში დავურთავ მწერლის რეპლიკას, ქუჩაში შეხვედრისას რომ მაჯახა „სჯანის“ ამ ნომრის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ.
„ვატერ(პო)ლოოს“ სათაურის ქვეშ წერია: „ფანტასტიკური მოთხრობა“. სინამდვილეში არაფერი საერთო ამ ნაწარმოებს ფანტასტიკურ მოთხრობასთან, ანუ სამეცნიერო ფანტასტიკასთან არა აქვს. მაგრამ თუ მკითხველი დროზე არ მიხვდა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკას არ უნდა ელოდოს, „კომუნიკაციური ჩავარდნა“ გარდუვალია. ეს რომ არ მოხდეს, რეციპიენტმა დროულად უნდა მიიღოს სიგნალი, რაც მიახვედრებს, „ჩვეულებრივ“ ფანტასტიკურ თხზულებასთან რომ არ მოუწევს შეხვედრა. და მართლაც, დასაწყისშივე ვკითხულობთ:
„აქ აფრედერიკ მეს ცოტათი მოგვიშივდა და გაახსენდა, ფანტასტიკურ ნაწარმოებში ფანტასტიკური მოვლენებიც საჭირო როა, ხოლო დანიშნულება ესე დააკისრა ისეთ მარტივ და ამ შემთხვევაში უწყინარ საგანს, როგორიცაა სიგარეტი და, მაშინვე თამბაქოს ნაწარმი ‘კარმენ’ (…) გახსნა, ამოიღო ორი ღერი სიგარეტი, სამკუთხა ტაფაზე დადო, კარაქით შესწვა და მიირთვა კიდეც“.
კიდევ რამდენჯერმე უბრუნდება გურამ დოჩანაშვილი თავისი მოთხრობის ჟანრის საკითხს, მაგალითად, მე-16 თავი ასე იწყება:
„აშარო კარმენ, ხედავ, რარიგად მიავიწყდა ჩვენს აფრედერიკს, აფრედერიკ მეს, დაუძალებლად ამორჩეული ჟანრი? ცოტათი უნდა გავასწოროთ ეს ხარვეზი და სისულელეს ვთქომთ, მაგრამ მაინც ერთიოდ წუთით მომაპყარით თავაზიანი ყური – ლოკოკინა ხტის, სპილო დაფრინავს, ფლეიტას ობი მოსდებია, თევზი ყმუის და მგელი წინდას ქსოვს, ცოტათი, ვგონებ, რაღაც გასწორდა იმაში, არა? – ჟანრსა ვგულისხმობ“.
ძნელად თუ მოიძებნება ისეთი მკითხველი, რომელსაც ამის წაკითხვის შემდეგ კიდევ გაუჩნდება პრეტენზია, ფანტასტიკურ მოთხრობას რომ დამპირდით, სად არისო!
მაგრამ სათაურის ქვეშ რომ მაინც „ფანტასტიკური მოთხრობა“ წერია? ეს პოსტმოდერნისტული თამაშია სიტყვის პოლისემიით: ფანტასტიკური უჩვეულოს, ჯერარნახულს, არაჩვეულებრივს, დიდებულს და ბრწყინვალესაც ნიშნავს. ამგვარი ფარული, ხუმრობანარევი თვითშეფასებაც წმინდა წყლის პოსტმოდერნიზმია.
* * *
ჰოდა, ამის გამოქვეყნებიდან ათიოდე დღის შემდეგ ქუჩაში შემხვდა და მისალმების ნაცვლად ეშმაკური ღიმილით მომახალა: „გამყიდე ხო თხასავით!“
ეს „საყვედური“ ამ ფრაგმენტის ბოლო აბზაცის გამო რომ დავიმსახურე, იმწამსვე მივხვდი“, – წერს ლევან ბრეგაძე.
კომენტარები
კომენტარი