ჩვენი რეგიონისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის და, პირველ ყოვლისა, საქართველოსთვის, ამ ურთულეს პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობის უწყვეტი განვითარება, მისი მდგრადობის გაძლიერება და NATO-ს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „NATO-საქართველოს სწავლება 2022“-ისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა „NATO-საქართველოს სწავლება 2022“-ის უკლებლივ ყველა მონაწილეს და პარტნიორებს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეაქვთ.
“მადლობას მოგახსენებთ მტკიცე ერთიანობისთვის, რომელსაც ევროპისა და რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ავლენთ.
საამაყოა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ურთულეს ამ პროცესში და ამ ურთულეს პერიოდში.
საქართველოსთვის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ის ფაქტი, რომ ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდალი ამ სწავლებაში წარმოდგენილია, როგორც სწავლების დამკვეთი, ხოლო საქართველოს თავდაცვის ძალები, მისი მეთაურის მოადგილის სახით – ამ სამეთაურო-საშტაბო სწავლების ხელმძღვანელია.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, როდესაც მეორედ ჩატარდა NATO-საქართველოს სწავლება, საქართველო იყო ალიანსის არაწევრ სახელმწიფოებს შორის პირველი ქვეყანა, რომელსაც NATO-ს ერთობლივი სწავლების ჩატარების მართვისა და ხელმძღვანელის ფუნქციის შესრულება დაეკისრა. ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება და აღიარება იმ სანდო და საიმედო პარტნიორობისა, რომელიც საქართველომ მრავალჯერ დაუდასტურა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.