ამერიკელმა ინვესტორებმა ანაკლიის პორტის განვითარების პროექტი წარმოადგინეს
ამერიკელმა ინვესტორებმა ანაკლიის პორტისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების 100 მილიონი ტონის გამტარობის პორტის მშენებლობის სამფაზიანი პროექტი წარმოადგინა. საინვესტიციო ჰოლდინგის „კონტი ჯგუფის“ პრეზიდენტი კურტ კონტი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო. შეხვედრას ასევე დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სხვა ოფიციალური პირები. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის დაკვეთით იაპონური კომპანია სწავლობს საქართველოს სანაპირო ზოლის ფსკერის რელიეფს და მთავრობა ანაკლიის პორტის ზუსტ სტრატეგიას ყველა კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რომელიც, სავარაუდოდ, 3-4 თვეში მოხდება. შეგახსენებთ, რომ „კონტი ჯგუფის“ დელეგაცია საქართველოში 2013 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, რომლის დროსაც გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან. წინასწარი გათვლებით, ანაკლიაში პორტის გარდა, დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. „კონტი ჯგუფს“ მსგავსი პროექტების მენეჯმენტის 100-წლიანი გამოცდილება აქვს.