საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

მემორანდუმის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია სააგენტოს დაეხმარება მისი მომსახურებები, მათ შორის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით გათვალისწინებული სერვისები, ქალებისა და კაცებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. უწყების პოლიტიკა და პროცედურები კი აძლიერებდეს გენდერულ თანასწორობას, განსაკუთრებით უძრავი ქონების ფლობისა და განკარგვის კუთხით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს შეუწყობს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებულობის გაზრდასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას.

გარდა ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს ისეთი მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებაში, როგორებიცაა: თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ჩატარება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა, სქესის ნიშნით დაყოფილი მონაცემების წარმოება და ა.შ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობა პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

მემორანდუმს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მოაწერეს, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები