„ჩვენ ახლა მთლიანად საერთაშორისო ბაზრის ფასზე ვართ დამოკიდებულები“ – გიორგი ცუცქირიძე საწვავზე ფასის ზრდის მიზეზს განმარტავს

„ჩვენ ახლა მთლიანად საერთაშორისო ბაზრის ფასზე ვართ დამოკიდებულები“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ საწვავის ფასზე საუბრისას განაცხადა.

მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცუცქირიძემ საწვავის ფასის ზრდის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთ- უკრაინის ომთან პირდაპირაა დაკავშირებული.

„დღეს მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი საწვავის ფასებთანაა დაკავშირებული. აქ, პირველ ყოვლისა, საქართველოში საწვავის ფასს ვგულისხმობ, ასევე, იმ ტენდენციას, რომელიც ნავთობის მსოფლიო ფასებთანაა დაკავშირებული, რადგან ის საქართველოში ე.წ. პლაცის ფასზე პირდაპირ აისახება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, საინტერესოა, საერთაშორისო ბაზრებზე უკრაინის ომამდე როგორი ფასი იყო და შემდეგ რა განვითარება მოჰყვა. 21 თებერვალს, ანუ უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყებამდე, 1 ბარელი ნავთობის ფასი დაახლოებით 92 დოლარი იყო. როცა ამერიკის და ბრიტანეთის დაზვერვის მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, რუსეთი უკრაინაში ფართო ინტერვენციას აპირებდა, ფასმა მატება დაიწყო. ფასი იყო აღმავალი ტრენდით. 22 თებერვლიდან იზრდებოდა. 5 მარტს პიკი იყო, 1 ბარელის ფასი დაახლოებით 123 დოლარს გადაცდა. ამის შემდეგ ვარდნა გვქონდა. 123 დოლარიდან დაახლოებით 95 დოლარამდე ჩამოვიდა. ამის შემდეგ ახალი მზარდი ტრენდი იწყება და 95 დოლარიდან 18 მარტისთვის 107 დოლარზე ავიდა. თუმცა, დღევანდელი ვაჭრობით, ანუ 20 მარტის მონაცემებით კიდევ ავარდა უკვე – 140 დოლარზე ავიდა. პროგნოზი 1 ბარელზე 150 დოლარია. ეს ძალიან მაღალია, ისტორიული მაქსიმუმია. რეალურად ეს პირდაპირაა დაკავშირებული უკრაინა-რუსეთის ომთან და იმ დაძაბულობასთან, რომელიც ამ ომის შედეგადაა, ასევე, ნეგატიურ მოლოდინებსა და აჟიოტაჟთან. იმიტომ, რომ წინა ვაჭრობის შემდეგ ფასის 40 დოლარით ავარდნა, წმინდა წყლის აჟიოტაჟია, რომელიც საერთაშორისო გლობალურ ბაზრებზეა.
ეს აჟიოტაჟი, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზეა, აქაცაა. ანუ თემა რა არის: რაკი გაიაფებას არ ელოდება, ბუნებრივია, ყველა მაღალ ფასს იჭერს.

მოლოდინები რომ რუსეთ – უკრაინის ომი მალე დამთავრდება არაა, პირიქით, მოლოდინი უარესია, რომ ეს ომი გაგრძელდება. ამ ნეგატიურმა განწყობამ 1 ბარელის ფასზე პირდაპირი ასახვა ჰპოვა. საქართველო იმპორტიორია, ამას, სამწუხაროდ, ჩვენთანაც პირდაპირი ასახვა მოჰყვება, სამწუხაროდ. უკვე, გარკვეულწილად, ასახული არის კიდეც.
ჩვენ ახლა მთლიანად საერთაშორისო ბაზრის ფასზე ვართ დამოკიდებულები“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, გაძვირებული ნავთობი და საწვავი ეკონომიკაზეც აისახება.

„აღნიშნული, მათ შორის, ტრანპორტირების ფასებზეც აისახება. ეს გლობალურ ბაზრებზეც და ჩვენთანაც უკვე გადაზიდვების ფასზე აისახება, რაც საიმპორტო საქონელს მნიშვნელოვნად გააძვირებს, ანუ ინფლაცია მაღალი იქნება“, – განაცხდა გიორგი ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, რუსული კომპანების ბაზარზე ზეგავლენა, მათი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არაა.

„რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს. აქ საუბარი ცოტა გადამეტებულია. ჩვენი ნავთობპროდუქტების ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მთლიან იმპორტში რუსეთის წილი დაახლოებით 15-16 %-ია. წამყვანი იმპორტიორი არიან: რუმინეთი, პროცენტულად 52 %-ით, ბულგარეთს საკმაოდ მაღალი პროცენტული წილი აქვს – დაახლოებით, 28 %-მდე, შემდეგაა აზერბაიჯანი, შემდეგ კი თურქმენეთი და რუსეთი. საქართველოში წარმოდგენილი რუსული კომპანიები „გალფი“ და „ლუკოილია“.

ასე რომ, რუსული კომპანების ბაზარზე ზეგავლენა მათი ხვედრითი წილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი არაა. იმდენად რამდენადაც, ვიმეორებ ბაზარი დივერსიფიცირებულია. თუ რუსეთიდან მიწოდება შეწყდება, იმპორტის ამ სეგმენტის სხვა ქვეყნებზე გადანაწილება თავისუფლად შეიძლება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები