“არ ველოდებით, რომ ოპოზიცია ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანის მოწოდებასა და თხოვნას გაითვალისწინებს – ისევ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები” – ლევან მაჭავარიანი
“უწმინდესი არის ჩვენი სულიერი მამა, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბრძენი ადამიანი ბრძანდება და ჩვენ იქ ამოვიკითხეთ, რომ მან მოუწოდა ოპოზიციას, ნაცვლად იმისა, რომ განახორციელონ დესტრუქციული და მავნებლური ქმედებები, აქტიურად ითანამშრომლონ “ქართულ ოცნებასთან” იმისთვის, რომ ქვეყნისთვის უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაკეთდეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ილია მეორის განცხადებას გამოეხმაურა.
“ამავდროულად, ვიცით, როგორი თავდასხმები დაიწყო რადიკალური ოპოზიციის, მათ აქტივისტებისა და რადიკალური ენჯეო სექტორის მხრიდან ჩვენს პატრიარქზე და ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა. წინა წლებში ეს ქმედებები რეგულარულად მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, არ ველოდებით, რომ ისინი ჩვენი უწმინდესის ამ მოწოდებას, თხოვნას გაითვალისწინებენ და მომდევნო 4 წელი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მავნებლობით იქნებიან დაკავებულები”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესის დასრულებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გამოეხმაურა და “ქართულ ოცნებას” გამარჯვება მიულოცა.