ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო – დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა
ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკო-ში, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ. სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.
კალანდარიშვილმა კირთაძეს სხდომაზე სიტყვა არ გააგრძელებინა და აღნიშნა, რომ გამოსვლისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული დრო ამოწურული იყო.
„რეგლამენტით გათვალისწინებული ორი წუთი ამოგეწურათ, სად არის ეგრე, რომ დაგასრულებინოთ? თქვენი ეს გამოსვლა და პოლიტიკური არ უკავშირდება შემაჯამებელ ოქმს. რას იჭიმები აქ, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? არ გასრულებინებ! მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდეთ!“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
რასაც კირთაძე გამოეხმაურა.
„რეგლამენტის დაცვა თუ გინდოდა, სხვა რამეში დაგეცვა. შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა. შენი რეალური სახე რა არის გითხრა, ეს შავი ლაქა”, – მიმართა კირთაძემ კალანდარიშვილს და შავი სითხე შეასხა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.