17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა
17 ნოემბერი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის.გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. მას 132 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა აქვეყნებს პოეტის ფოტოებს საკუთარი კოლექციიდან.
გალაკტიონ ტაბიძე იყო საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944). პირველი ლექსები „მთვარე კაშკაშებს“ და „შავი ღრუბელი“ 1908 წელს გამოაქვეყნა გაზეთ „ამირანსა“ და ჟურნალ „ჩვენს კვალში“. თბილისში გამოქვეყნებულმა კრებულებმა – „ლექსები“ (1914) და „არტისტული ყვავილები“ (1919) გალაკტიონ ტაბიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანეს.
1921 წლიდან რედაქტორობდა ჟურნალ „ლომისს“. 1922-23 წლებში გამოსცა „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“. გალაკტიონ ტაბიძე იყო „მნათობის“ (1924) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1927 წელს თბილისში გამოვიდა მისი ლექსების ერთტომეული.
გალაკტიონ ტაბიძის ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
გალაკტიონ ტაბიძე გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს.
თბილისში, მდინარე მტკვარზე, ვერის უბანში, 1952 წელს აიგო „გალაკტიონის ხიდი“, რომელსაც თავიდან ჯერ ელბაქიძის ხიდი, 1990-1999 წლებში კი — ვერის ხიდი ერქვა. 1999 წელს მიენიჭა პოეტის სახელი.
2011 წლის 18 ნოემბერს თბილისის №51 საჯარო სკოლას გალაკტიონ ტაბიძის სახელი მიენიჭა.
თბილისში, მარჯანიშვილის ქ. 4-ში მოქმედებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები (1935–1959) გაატარა.
გალაკტიონის სახლ-მუზეუმი მოქმედებს სოფელ ჭყვიშში, სადაც პოეტი დაიბადა.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.