კაცი, რომელმაც წყალი 1000 სოფელში დააბრუნა — რაჯენდრა სინგის ისტორია

ინდოეთში, რაჯასტანის მშრალ შტატში, სადაც გვალვები ხშირია და წყლის დეფიციტი ცხოვრების წესადაა ქცეული, ერთმა ადამიანმა მთელი საზოგადოების ყოფა შეცვალა. რაჯენდრა სინგმა, რომელსაც ხშირად „ინდოეთის წყლის კაცსაც” უწოდებენ, მშრალი მიწა გამოაცოცხლა და წყალი 1000-ზე მეტ სოფელში დააბრუნა.

ეს არაჩვეულებრივი ისტორია 1980-იანი წლებიდან დაიწყო, როდესაც რაჯენდრამ სამთავრობო სამსახური დატოვა და გადავიდა რაჯასტანში, გვალვისგან დაზარალებულ შტატში, კერძოდ კი, ქალაქ ალვარში. ის თავდაპირველად სოფლის მოსახლეობისთვის ჯანდაცვის უზრუნველყოფას გეგმავდა, მაგრამ მალე აღმოაჩინა, რომ საზოგადოების გადაუდებელი საჭიროება აქ არა სამედიცინო დახმარება, არამედ წყალი იყო. აქ მცხოვრები ხალხი, ხანგრძლივი გვალვის გამო, გადარჩენისთვის იბრძოდა, რაც აიძულებდა მათ, ან საცხოვრებელი დაეტოვებინა, ან უკიდურეს სიღარიბეში ეცხოვრა.

ჰიდროლოგიაში ყოველგვარი ფორმალური მომზადების გარეშე, სინგმა რჩევა სთხოვა სოფლის უხუცესებს. ისინი საუბრობდნენ წყლის კონსერვაციის უძველეს ტექნიკაზე, განსაკუთრებით, ჯოჰადების – ტრადიციული თიხის კაშხლების გამოყენებაზე, რომლებიც წვიმის წყალს აგროვებენ. ეს მარტივი სტრუქტურები დროთა განმავლობაში დავიწყებული იყო, მაგრამ სინგმა მათში პოტენციალი დაინახა. მან, რეგიონის მასშტაბით, სოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ჯოჰადების მშენებლობა დაიწყო.

შედეგები გარდამტეხი აღმოჩნდა. როდესაც ჯოჰადები აგროვებდნენ და ინახავდნენ წვიმის წყალს, ისინი ავსებდნენ მიწისქვეშა წყლების დონეს, რაც ხელს უწყობდა მშრალი ჭაბურღილებისა და მდინარეების გამოცოცხლებას. მიწაზე მცენარეულობა დაბრუნდა, კულტურები და ველური ბუნებაც გაჩნდა. დროთა განმავლობაში, სინგმა და მისმა გუნდმა ააშენა 8600-ზე მეტი ჯოჰადი 1000 სოფელში, გადააკეთა უნაყოფო მიწა ნაყოფიერ სასოფლო-სამეურნეო მიწად და გარდაქმნა მთელი ეკოსისტემა.

სინგის ძალისხმევამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რამაც მას „სტოკჰოლმის წყლის პრემია“ მოუტანა, თუმცა მამაკაცისთვის მთავარი ის განსხვავება იყო, რაც სოფლის მაცხოვრებლებს მისმა შრომამ მოუტანა. ხალხს აღარ უწევდა სახლების დატოვება და აღარც გვალვა იწვევდა უკვე მათში სასოწარკვეთას.

დღეს რაჯენდრა სინგი წყლის კონსერვაციის გლობალური ელჩია. მისმა გადაწყვეტილებამ შთააგონა უამრავი სხვა ადამიანი, გამოეყენებინათ წყლის მართვის ტრადიციული ტექნიკა და შეესწავლათ გარემოსდაცვითი გამოწვევების მდგრადი გადაწყვეტილებები. ის აგრძელებს, ამ კუთხით, საზოგადოებების განათლებას მთელს მსოფლიოში და აჩვენებს მათ, თუ როგორ შეუძლია ერთ ადამიანს, გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები