ხატია დეკანოიძე: ზელენსკის ადმინისტრაცია თანახმა იყო იმაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საქართველოს პარლამენტში
მათ აირჩიეს სირცხვილი, როცა გავრილოვს შეუძლია, მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის – არა, – ამის შესახებ დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამას ისტორია შეაფასებს შესაბამისად.
დეკანოიძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი შიდა დაპირისპირების თემად აქცია.
„თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ქვეყანა უსმენს წარმომადგენლობით ორგანოში პრეზიდენტ ზელენსკის და “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, უარი უთხრას საქართველოს მოქალაქეებს, რომ პარლამენტიდან გაჟღერდეს პრეზიდენტი ზელენსკის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი. შევახსენებ ხელისუფლებას, როცა ისინი რაიმე სახის სირცხვილზე საუბრობენ, ამ პარლამენტის დარბაზიდან “ქართული ოცნების” პარტიის თავმჯდომარის მოწვევით, ჩამობრძანებული იყო და საუბრობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი გავრილოვი, რომელმაც ამ პარლამენტის დარბაზიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა რუსულად და ეს ადამიანი არის მტერი, არამხოლოდ კრემლთან ასოცირებული, არამედ საქართველოს მტერი. “ქართულმა ოცნებამ” იგი მოიწვია, დასვეს პარლამენტში და ამის შემდეგ ეს პარლამენტი და ეს უმრავლესობა უარს ეუბნება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე. ამ უმძიმეს ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიო როგორც შეუძლია, ეხმარება და სოლიდარულია, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც არის სირცხვილი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, თავისუფალი სამყაროსთვის მებრძოლმა და თავისუფალი სამყაროს ლიდერმა გაიწვია ელჩი საქართველოდან. მაშინ, როცა პრეზიდენტი ზელენსკი მიმართავდა მოსახლეობას ყველა დიდ ქალაქში და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მერები, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ ამ ძალიან დიდებული მიმართვების ორგანიზებაში, საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის, კახა კალაძე არც კი მობრძანებულა რუსთაველზე, რომ დასწრებოდა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას. ამიტომ ხელისუფლებას ღიად შემიძლია ვუთხრა – რა არის ეს თუ არა რუსეთის მხარეს დგომა?! უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობა რომ არ გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე, მათ საქართველოს პრეზიდენტს ასევე ვიზიტები დაუბლოკეს. ამიტომ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სირცხვილი და რა უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესი, შევახსენებ ჩემს გამოსვლას, რომ უნდა გვეჩვენებინა ერთიანობა. ზელენსკის ადმინისტრაცია თანახმა იყო იმაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საქართველოს პარლამენტში, მე ღიად მოვუწოდე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩართულიყო კონსულტაციებისთვის, რათა ფორმალური მხარეც მოგვეგვარებინა პროცედურულად, მაგრამ სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ისევ სირცხვილი, როცა გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის – არა, რადგან „ქართული ოცნებისთვის” ეს არ არის გამართლებული. ეს არის სირცხვილი და ამას ჩვენი ისტორია შეაფასებს შესაბამისად,”- განაცხადა დეკანოიძემ.