„ქართული ზღაპრები – აუდიობიბლიოთეკა“ შეიქმნა

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა კიდევ ერთი ახალი პროექტი განახორციელა. „ქართული ზღაპრები – აუდიობიბლიოთეკა“ ბავშვებისთვის შეიქმნა და იგი ონლაინსივრცეში ხალხური ზღაპრების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული, 1960-70-იან წლებში მაგნიტურ ფირებსა და ფირფიტებზე ჩაწერილი ქართული ზღაპრების აუდიოჩანაწერების დიგიტალური ვერსია მომზადდა.
ციფრულ მატარებელზე 42 ქართული ზღაპარი გადავიდა, რომელიც ვებგვერდზე www.soundcloud.com აიტვირთა და ყველასთვის, მათ შორის უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის, ეროვნული არქივის ოფიციალური ვებგვერდის www.archives.gov.ge საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი. პროექტისათვის შექმნილია, ასევე, სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/GeorgianTales ვებგვერდზე განთავსებულ ზღაპრებს შორის არის: „ხუთკუნჭულა“, „ჭინჭრაქა“, „წიქარა“, „ჩიტი და მეფე“, „რწყილი და ჭიანჭველა“, „ნაცარქექია“, „კომბლე“, „კოკროჭინა“, „ამირანი“ და სხვა. ზღაპრებს პატარებისთვის ცნობილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი კითხულობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები