“თუ საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში რუს ექსპერტებს არ დაუშვებს, რუსეთს ექნება უფლება – სარაკეტო იერიში განახორციელოს” – რუსი ექსპერტი
თუ საქართველო ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ინსპექტორების დაშვებაზე უარს იტყვის, მაშინ რუსეთს აქვს სრული უფლება, მათ წინააღმდეგ სარაკეტო იერიში განახორციელოს, – ამის შესახებ REGNUM-თან საუბარში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის(МГИМО) სამხედრო-პოლიტიკური კვლევების ცენტრის წამყვანმა ექსპერტმა, მიხეილ ალექსანდროვმა თქვა.
„საქართველო პირდაპირ უნდა გავაფრთხილოთ: ჩვენ ვითხოვთ ჩვენი ინსპექტორების ამ ობიექტებში დაშვებას და თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ უბრალოდ გავანადგურებთ ამ ლაბორატორიებს, სარაკეტო იერიშს განვახორციელებთ. იმ პირობებში, როცა უკრაინაში ოპერაციას ვატარებთ,საქართველოში ორიოდე ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება – ისეთი წვრილმანი იქნება, რომ მსოფლიოში, ფაქტობრივად, ამას ვერავინ შეამჩნევს. დასავლეთი, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, იყვირებს. მაგრამ რატომ უნდა იყვიროს? რატომ ქმნიან რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ლაბორატორიებს? არ არის საჭირო მათი შექმნა!“, – განაცხადა ექსპერტმა.