მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება
სამთავროს დედათა მონასტერში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი მიმდინარე თვის განმავლობაში გაიხსნება. როგორც „კვირას“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, წმინდანის ნეშტს სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.
„მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით, შეიქმნა კომისია, რომელიც დღეიდან დაიწყებს ზრუნვას ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. უახლოეს ხანში, როგორც კი ამის ტექნიკური საშუალებები იქნება, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება, მოხდება მისი ნეშტის ამოსვენება და სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში გადასვენება. სინოდის ოქმში ჩაიწერა, რომ იგი წმინდანად შეირაცხოს და შესაბამისი სახელი – მამა გაბრიელი ეწოდოს “, – განუცხადა „კვირას“ მამა მიქაელ ბოტკოველმა. მისივე განმარტებით, სამთავროს მონასტერში გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და დედა პარასკევას კელიის დემონტაჟიც ამ საკითხს უკავშირდება. „დედა პარასკევა ბრძანდებოდა საპატრიარქოში, მისი უწმინდესობა ესაუბრა და ის დამშვიდებული წაბრძანდა. ვფიქრობ, რომ აზრის სხვადასხვაობა აღარ იქნება ამ თემასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
„კვირა“ მამა გაბრიელის საფლავის გახსნის დეტალების დასაზუსტებლად ბერის ოჯახსაც დაუკავშირდა. როგორც მამა გაბრიელის დისშვილმა ელდარ ურგებაძემ განაცხადა, ოჯახი საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის.