ნანა ტატიშვილი – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებზე: ევროპის წამლის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს და აზუსტებს მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას – ველოდებით საბოლოო მონაცემებს

„ევროპის წამლის სააგენტო ჯერ კიდევ აგრძელებს კლინიკურ კვლევებს და აზუსტებს მათ ეფექტურობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენც ველოდებით ამ საბოლოო მონაცემებს“, – ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ნანა ტატიშვილმა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, ევროპის წამლის სააგენტო პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციაა და გადაწყვეტილებებს სიფრთხილით იღებს.

„მედიკამენტებს ძალიან იმედით ვუყურებთ, გვინდა, რომ იყოს და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო უკეთესი პრეპარატებიც გაჩნდება. ამ ეტაპზე ეს წამლები ანელებენ დაავადების პროგრესს, მაგრამ ვერ არჩენენ მას. თუ შევხედავთ გავრცელების რუკას, ჩანს, რომ აშშ-ის წამლის სააგენტომ მათ გამოყენებაზე ნებართვა გასცა. ევროპის წამლის სააგენტო არ აძლევს უფლებას, რადგან უნდა რომ დარწმუნებული იყოს ამ წამლის უსაფრთხოებაში. ძალიან ძნელია აქ რამის თქმა, თუმცა ევროპა არის ის სივრცე, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით და მგონი გასათვალისწინებელია მათი მოსაზრება.
ევროპა პასუხისმგებლობიანი გაერთიანებაა და ისინი ჯერ კიდევ აზუსტებენ გარკვეულ მონაცემებს. რა უნდა ვთქვათ ჩვენ მეტი, თითოეულმა ადამიანმა ან პატარა ქვეყანამ, როცა ევროპის წამლის სააგენტო არის დიდი ორგანიზაცია, ყველა იმ ქვეყნებისგან შემდგარი, რომლებიც კიდევ ელოდებიან კლინიკური კვლევების დასკვნებს“, – განაცხადა ექიმმა.

ნანა ტატიშვილმა დადებითად შეაფასა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს სხვადასხვა სპეციალისტის ჩართულობას და დააფინანსებს ამბულატორიულ, სტაციონარულ და კვლევით მომსახურებებს.
ექიმი აღნიშნავს, რომ ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების მონიტორინგისთვის რეგულარული კვლევები აუცილებელია და პაციენტების მდგომარეობის დროული შეფასების საშუალებას იძლევა.
„პაციენტებს ექნებათ შესაძლებლობა, წელიწადში ორჯერ ჩაიტარონ ამბულატორიული და ასევე სრულფასოვანი სტაციონარული გამოკვლევები, მათ შორის ყველა საჭირო კვლევის ჩათვლით, რაც აუცილებელია დაავადების დინამიკის შეფასებისთვის“, – განაცხადა ნანა ტატიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები