საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი თურქეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგა ფაჰრეთინ კოჩას შეხვდა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა.

“მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში.

ზურაბ აზარაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში გრძელდება. მინისტრი წამყვან თურქულ საწარმოებს დაათვალიერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ასევე, ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი – ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი – ზურაბ დვალი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები