სანდრო თვალჭრელიძე: ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს, ამიტომ, შსს-ს შესაბამის სამსახურებს სერიოზული მუშაობა მართებთ

“ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს, ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ძალიან სერიოზული მუშაობა მართებთ”, – ამის შესახებ ექსპერტმა, სანდრო თვალჭრელიძემ რუსეთიდან საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ჩამოსულ ადამიანებზე საუბრისას გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღეა ამის კარგი შესაძლებლობა აქვს და ამ შანსის ხელიდან გაშვება, უდიდესი შეცდომა იქნება.

“სახელმწიფომ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ისევ კინკლაობენ, ვინ რა დაიბრალოს. ხალხო, დავიღალეთ, აუტანელია ასეთი დამოკიდებულება! ახლა საჭირო ერთობა, თანხმობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო პროცესს გავდივართ. პირველად მომეწონა გიორგი ვაშაძის განცხადება, გვეყოფა კინკლაობა და სასწრაფოდ წავიდეს სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი დელეგაცია ბრიუსელში ჩვენი პოზიციის დასაცავადო. დღეს გვაქვს ევროკავშირში გაწევრების კარგი შესაძლებლობა და თუ ამას ხელიდან გავუშვებთ, უდიდესი შეცდომა იქნება. რაც შეეხება დმიტრო კულებას განცხადებას, რომ უკრაინა არ არის თანახმა, ევროკავშირში მისი გაწევრების საკითხი საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად განიხილონ, ჩემი აზრით, ომის გათვალისწინებით შეიძლება გავუგოთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, მაგრამ, საზოგადოდ, ვფიქრობ, არ იყო ეს მთლად კოლეგიალური განცხადება. ამას უკრაინა არ წყვეტს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკავშირსა და იმაზე, როგორ წარვმართავთ მოლაპარაკებებს, როგორ მოვიქცევით ქვეყანაში და ქმედითი იქნება თუ არა ჩვენი ნაბიჯები.

მე თუ მკითხავთ, ევროპაში ჩვენი პოზიციების დასაცავად ყველა პარტიის სახელით საქმის წარმართვას ჩვენს პრეზიდენტს მივანდობდი. თავის დროზე, საპრეზიდენტო არჩევნებისას, მე არ ვიყავი აღფრთოვანებული სალომე ზურაბიშვილით, მხარს ვუჭერდი დათო უსუფაშვილს და ეს არის ჩემი შეცდომა, რომელსაც ვაღიარებ. მახსენდება ერთი რამ: თავის დროზე ოთარ იოსელიანს აკრიტიკებდნენ, რატომ არ გყავს ფილმებში კარგი კომუნისტური გმირიო. მან უპასუხა, გმირი და კარგი ადამიანი დაბრკოლებებთან ბრძოლაში უნდა გამოჩნდეს და რადგან საბჭოთა კავშირში დაბრკოლებები არ არის, გმირი როგორ შევქმნაო…

სალომე ზურაბიშვილის თვისებებიც კრიზისისას გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მას თავისი დიდი დიპლომატიური გამოცდილებით შეუძლია დაბრკოლებებთან გამკლავება. ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია. რუსთაველზე შეკრებილი უკრაინის მხარდამჭერებისთვის მიმართვა სწორი ნაბიჯი იყო. მან დაამტკიცა, რომ არ არის არც “ქართული ოცნების” და არც ოპოზიციის პრეზიდენტი. მას აქვს პრინციპული პოზიცია, რომელსაც აყალიბებს არა რომელი პარტიის დღის წესრიგი, არამედ ქართველ საზოგადოებაზე ფიქრი. სულ ცოტა 200 000 კაცი იდგა იმ დღეს რუსთაველზე და კარგი ქნა, ამ ხალხს რომ მიმართა. მან პოლიტიკოსებს კი არა, საზოგადოებას უთხრა, რომ იქ დგას, სადაც საქართველოს ადგილია, ანუ უკრაინის გვერდით. იგივე უნდა გაეკეთებინათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ მათ ვიწრო პარტიული ინტერესებით ნასაზრდოები რაღაც სინდრომი აქვთ.

სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შეუძლია შარლ მიშელთან, ემანუელ მაკრონთან, ურსულა ფონ ლაინერთან და სხვებთან ლაპარაკი. როგორც ვიცი, ამ ბოლო ვიზიტებისას რამდენიმე შეხვედრა არ იყო დაგეგმილი, მაგრამ მას ყველა შეხვდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენი პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლისასაც იგივე მოხდებოდა. საქმე ის არის, რომ ეს უნდა დაიმსახურო, ყველას უნდა დაანახვო, რომ ვიწრო პარტიულ ხრიკებზე მაღლა დგახარ. არ მახსოვს არც ერთი გამოსვლა ჩვენი პრემიერ-მინისტრის, სადაც “ნაციონალურ მოძრაობას” არ ლანძღავს. როგორ მეხატება გულზე, “ნაციონალური მოძრაობა”, კარგად იცით; მე მიმაჩნდა, რომ ეს პარტია საერთოდ უნდა აკრძალულიყო თავისი ექსტრემიზმის გამო, მაგრამ არსებობს გაცილებით მაღალი ფასეულობები, ვიდრე ეს ვიწრო პარტიული კინკლაობაა… ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები უზარმაზარი გამოცდილებისა და ევროპული სულისკვეთების სიღრმისეული ცოდნის გამო სწორედ ქალბატონ სალომეს უნდა მიანდონ, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვარ, ამისთვის პოლიტიკური გამჭრიახობა არ ეყოფათ.

დასასრულ, რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ჩამოსულ ადამიანებს – თავის დროზე მე წინააღმდეგი ვიყავი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო, ამიტომ არ იქნება ურიგო, თუ სავიზო რეჟიმის აღდგენაზე დავფიქრდებით. ნამდვილად არის საფრთხე, რომ რუსეთიდან შემოსულ ადამიანებს არაერთი აგენტი შემოჰყვეს, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ძალიან სერიოზული მუშაობა მართებთ”,- განაცხადა თვალჭრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები