მიხეილ სააკაშვილი პასუხისგებაში მიეცა – „ეს არის სისტემური დანაშაული“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.
პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
იურისტ კახა კახიშვილის შეფასებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული მასალებიდან ნათელია, რომ აღნიშნული საქმე არის სისტემური ტიპის დანაშაული, სადაც ორგანიზებული ჯგუფი დანაშაულს გეგმავდა და ახორციელებდა.
როგორც კახიშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საქმე, რომლის საფუძველზეც სააკაშვილი პასუხიგებაში მიეცა, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოექცევა, ამიტომ პროკურატურას, სავარაუდოდ, მყარი მტკიცებულებები აქვს.
„ეს არის პირველი სისტემური ტიპის დანაშაული, სადაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ხდებოდა დანაშაულის დაგეგმვა და ჩადენა. პროკურატურას, ალბათ, გააზრებული აქვს, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ამ საქმისკენ იქნება მიმართული და ბრალი გამყარებული აქვს უტყუარი მკიცებულებებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დაისმება საკითხი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, ამიტომ პროკურატურას მაქსიმალურად უტყუარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა კახიშვილმა.
ამასთან, იურისტი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვა და მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება.
„მიხეილ სააკაშვილი ალბათ არ ჩამოვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ ამ შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მის მიმართ ძებნის გამოცხადება. შემდეგი ეტაპი იქნება საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, პროკურატურას, ალბათ, აქვს მყარი საფუძველი, რომ ძებნა ცხადდება არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მოტივებით“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე კი მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტზე წითელი ცირკურალით ძებნა დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს. მჟავანაძის აზრით, ფაქტი, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ცალსახად მიუთითებს, რომ მან დანაშაულები ჩაიდინა. მისივე თქმით, თუ სააკაშვილი მართალია, მაშინ ის უპრობლემოდ უნდა თანამშრომლობდეს გამოძიებასთან.
„საუბარია 10 საქმეზე, რომლებზეც მის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დანაშუალი აქვს ჩადენილი. დაუსწრებლად ბრალის წაყენების შემდგომ მისი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება“, – ამბობს მჟავანაძე.
ექსპერტი დავით ოსეფაშვილი კი აცხადებს, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ხელისუფლება სერიოზულ მუშაობას იწყებს, რაშიც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნებათ. ოსეფაშვილის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერების განადგურების რეალური პროცესი დაიწყო.
„მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენა პროკურატურის მხრიდან, ასევე ის, რომ საქართველოში ჩამოსულნი არიან უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც სხვა და სხვა დროს საბრალდებო სკამზე ჰყავთ დასმული არაერთი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ცხდყოფს იმას, რომ ხელისუფლება საკმაოდ სერიოზულად აპირებს ამ საქმეებზე მუშაობას, რაშიც მას მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ექნება. ახლა უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ლიდერების განადგურების რეალური პროცესი დაიწყო, რასაც შეუქცევადი ხასიათი ექნება“, – აღნიშნავს ექსპერტი.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანისთვის ბრალის წარდგენას მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმცირესობის წევრები პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ და პროკურატურის განცხადებას ზღაპარს უწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით კი, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 7 ნოებრის საქმე არის სისტემური დანაშაული. ყოფილი სახალხო დამცველის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ამჟამინდელი მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, პროკურატურამ არ იჩქარა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიძია და დოკუმენტურად დაადასტურა, რომ საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება.
„პროკურატურამ კი არ იჩქარა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ გამოიძია და უკვე დოკუმენტურად დადო, რომ, მართლაც, სისტემურ დანაშაულთან გვქონდა საქმე. ყველამ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა“, – აღნიშნა სუბარმა.
ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ამბობს, ის, რომ წინა ხელისუფლება სისტემურ დანაშაულს აწარმოებდა საზოგადოების ყველა წევრმა იცოდა. მისივე თქმით, თუ პროკურატურა სერიოზულად მიუდგებოდა ამ საქმეს, ეჭვიც არ არსებობდა, რომ დაახლოებით, ასეთი ბრალი იქნებოდა წარდგენილი.
“როგორც ჩანს, პროკურატურამ, მართლაც, სერიოზულად იმუშავა და მათ აქვთ სერიოზული ფაქტები. ასე რომ, თუ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას წყალგაუმტარ ფაქტებს დავუდებთ, ვერაფერს იტყვის, რადგან სწორედ მათი მოგონილია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას და ამისკენ მივისწრაფით ჩვენც. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ეს არის, რომ ადამიანი, განურჩევლად მისი თანამდებობისა, დამსახურებისა, თუ დანაშაულს სჩადის, მან პასუხი უნდა აგოს და მითუმეტეს, ასეთი სისტემურ დანაშაულთან როდესაც გვაქვს საქმე, როცა ეს იყო მთელი რგოლი, ჯაჭვი, კასკადი ასეთი დანაშაულებრივი სინდიკატისა, თუმცა ამას, რასაკვირველია, სასამართლო დაადგენს და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა წყალგაუმტარ ფაქტებს დადებს, მით უმეტეს, რომ ახლა მას საკმაოდ გამოცდილი კონსულტანტები ჰყავს”, – განაცხადა ქანთარიამ.
„ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილისა და მათივე გუნდის სხვა წევრებისთვის ბრალის წარდგენას პოლიტიკურ დევნად აფასებენ. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების ფაქტი საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს ზარალს მოუტანს.
“ეს არის სუფთა წყლის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნაბიჯი, ამის შესახებ არაერთხელ უთქვამს ბიძინა ივანიშვილს, ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებიათ ირაკლი ღარიბაშვილს, კახა კალაძეს. ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდან ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების სურვილს. ამბობდა, რომ საჭირო და აუცილებელია, ბრალი ჰქონდეს წაყენებული სააკაშვილს. ეს ნაბიჯი კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს, ეს ნაბიჯი აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკური დევნის გამოვლინება და საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟს ზარალს მოუტანს. ეს ახალი ტალღა გაშმაგებისა გამოიწვია არჩევნების შედეგებმა”, – განაცხადა გაბაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით კი, ექსპრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას კანონის უზენაესობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჯაფარიძე ექსპრეზიდენტის ბრალს ზღაპარს უწოდებს.
„საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილის მხრიდან სამართლებრივი დანაშაული ჩადენილია, არის ზღაპარი. სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას წინასწარ აანონსებდა ჯერ კიდევ ივანიშვილი, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გვპირდებოდა ცხელ ზაფხულს და თუნდაც დღეს ვიცე-პრემიერის მხრიდან გაისმა კონკრეტული მუქარა ჩვენი პოლტიკური ძალის მიმართ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის უზენაესობასთან და სამართალთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზაამ უკვე განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე ახლანდელ პროცესებს ვაშინგტონში ბევრი დამკვირვებელი პოლიტიკურ დევნად შეაფასებს, ამიტომ ქართველი პროკურორებისთვის მძიმე ტვირთი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ბრალდებები ეფუძნება უფრო კანონს, ვიდრე პოლიტიკას. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობა 2007 წლის მოვლენებით წარმოქმნილი კონფლიქტის პოლიტიკური ხასიათის გამო შეშფოთებული იყო.
“ვაშინგტონში ბევრი დამკვირვებელი ამ პროცესს პოლიტიკურ დევნად შეაფასებს. ამიტომ, ქართველი პროკურორებისთვისაც მძიმე ტვირთი იქნება იმის დემონსტრირება, რომ ბრალდებები ეფუძნება უფრო კანონს, ვიდრე პოლიტიკას. შესაძლოა, ეს რთული მისაღწევი იყოს, როგორც ნებისმიერი სისხლის სამართლებრივი საქმის შემთხვევაში ხდება, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეფუძნება. როგორც აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიერ 2007 წლის ნოემბერში, საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილთან და მის პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსულტაციების საწარმოებლად წარგზავნილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა (ასევე უნდა დამერწმუნებინა მიხეილ სააკაშვილი, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და იმედის მაუწყებლობის აღდგენაში), შემიძლია ვთქვა, რომ აშშ-ის მთავრობა იმ დროისათვის, ძალიან შეშფოთებული იყო თბილისში წარმოქმნილი კონფლიქტის პოლიტიკური და არა სამართლებრივი ხასიათის გამო”,- განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ.
პროკურატურის მასალების მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევით, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრით და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებით საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელებმა და მისმა მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია არკადი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრების უფლება, ხელყოფილ იქნა მოქალაქეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, მრავალმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება, მოხდა დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ხელის შეშლა, რამაც ფიზიკური და იურიდიული პირის, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.