„თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენი
გლდანის რაიონში, სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკით გაწმინდეს. ტერიტორია გაკონტროლდება, რათა აღარ მოხდეს ნარჩენების უკანონოდ განთავსება.
დასუფთავების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
„ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დაარღვევთ კანონს, ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქის სისუფთავეზე. ჩვენი კომპანია რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. მოსახლეობისთვის საკმაოდ შეღავათიანი ტარიფებია, იწყება 9 ლარიდან. მიზერულ ფასად შეგვიძლია არასაყოფაცხოვრებო, სარემონტო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების ადგილიდან გატანა“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
შესაბამისი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდებზე – https://www.tbsg.ge/ka/