გიორგი ახობაძის მიმართვის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო – შსს განცხადებას ავრცელებს

“მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, გიორგი ახობაძის მიერ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში გაკეთებული შეტყობინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს”, – შესაბამის ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების, ასევე მოწმეთა გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილებისას, გიორგი ახობაძეს გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, საიდანაც გადმოსული ორი პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.

“გამოკითხვისას, თავად გიორგი ახობაძემ განაცხადა, რომ ვერ მოახერხებს თავდამსხმელების ამოცნობას.

ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით, მისი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, გამოძიება გრძელდება.

შსს ყველა პირს მოუწოდებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ, იქნება ეს დაზარალებული თუ მოწმე, რადგან ეს მნიშვნელოვანია საქმის დროულად გახსნისა და დამნაშავე პირთა დასჯისათვის”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები