„ეს ადამიანები პოლიტიკურ თანამდებობებს იყენებდნენ დანაშაულის ჩასადენად“
მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურას აქვს ყველა სამხილი, ყველა მტკიცებულება იმ სტანდარტის, რომელიც სასამართლოს მიიყვანს ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მიხეილ სააკაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსებისთვის ბრალის წაყენებას.
მის თქმით, წაყენებული ბრალით ირკვევა თუ როგორ მოახერხეს სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დამოუკიდებელი მედიის კონტროლი და ხელში ჩაგდება.
“ის დანაშაულები, რომელზეც არის საუბარი, არის უკიდურესად მძიმე და ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, არ შეიძლება ამ დანაშაულებზე პასუხი არ მოეთხოვოს იმ პირებს, ვინც ქმნიდა ამ დანაშაულებრივ სისტემას. ფაქტობრივად აქ ჩანს, როგორ მოახერხა სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა დამოუკიდებელი მედიის კონტროლი და ხელში ჩაგდება, რაც ფაქტობრივად დადასტურებულია იმ მემორანდუმით, რაც დაიდო. ეს მემორანდუმი იყო შედეგი იმის, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს პატარკაციშვილების ოჯახს და შემდგომ თავად აღიარეს რეალურად ამ ზიანის არსებობა იმ ხელშეკრულებით, რომელიც გაასაიდუმლოეს.
ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ძალიან სერიოზული გამოძიების შედეგად მივიდოდა ლოგიკურ დასასრულამდე, რასაც ჰქვია პასუხისგებაში მიცემა ამ ადამიანების. არაფერი საერთო ამას არ აქვს პოლიტიკურ დევნასთან, ეს ადამიანები პოლიტიკურ თანამდებობებს იყენებდნენ დანაშაულის ჩასადენად ამავე თანამდებობაზე ყოფნის გახანგრძლივების მიზნით. ამიტომ, დღეს, ნუ საუბრობენ პოლიტიკურ დევნაზე, ეს არის კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მათ მიერ სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებისთვის, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ეს საბოლოოდ სასამართლოს დასადგენია და მე დარწმუნებული ვარ, პროკურატურას აქვს ყველა სამხილი, ყველა მტკიცებულება იმ სტანდარტის, რომელიც სასამართლოს მიიყვანს ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე”,-განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.